ნინო მუმლაძეს ახლახან ძალიან დიდი პირადი ბედნიერება ეწვია. მას 39 წლის ასაკში ვაჟი, რონი შეეძინა.
“სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. ზუსტად იმ ემოციით გავთხოვდი, რა ემოციაც 16 წლისას მექნებოდა და ზუსტად ისე დაფრინავდნენ პეპლები… ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურად. მაშინ მოდის შენთან რაღაც, როცა ეს საჭიროა. შეიძლება ის ცუდი გამოცდილებაც ადამიანს სჭირდება შემდეგში, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას… მე ცოტა შიში მქონდა ოჯახის შექმნის, იმდენად ვიყავი მიჩვეული ჩემი ცხოვრების რიტმს. ოჯახის შექმნა რუტინასთან ასოცირდებოდა და ამის ცოტა მეშინოდა… ოჯახის შექმნის სურვილი აქამდე არ მქონია… მოვიდა ეს გრძნობა იმ დროს, როცა საჭირო იყო… საზოგადოების ზეწოლა იყო ამ საკითხზე, რასაკვირველია. 25 წლიდან მესმის: “რატომ არ თხოვდები?” და “კიდევ მოიმატე?” ჭირივით მეზიზღება ეს სიტყვები… შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს ცუდია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია, რომ დღეს ქალები ვფიქრობთ, რომ ჯერ შევდგეთ პიროვნებებად, კარიერული თვალსაზრისით შევქმნათ რაღაც, ვრეალიზდეთ და მერე უკვე სხვანაირად გავაანალიზოთ ქორწინება…
ნინოს მეუღლე მხატვარი გუგა გოგინაშვილია.
“მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია. მთავაზობდნენ, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა, მაგრამ არავის დავუჯერე და ამის გამო ჩემი ექიმი ძალიან მაქებს – სწორი გადაწყვეტილება მიიღეო…20 წლისას მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ამ ასაკში ახალი სიცოცხლე დავიწყე, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია – ეტაპი, რომელსაც ჩემი პატარა შვილით ვეგებები. 38 წლამდე ისე მოვედი, რომ დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
ადრე ადამიანის მთავარ მისიად ოჯახის შექმნა იყო მიჩნეული. თუ ქალი გათხოვილი არ იყო, ფიქრობდნენ, რომ მის არსებობას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ქალი დაბადებიდანვე იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ოჯახი შეექმნა. მამაკაცებთანაც იგივე დამოკიდებულება იყო, ამიტომ, მათ ხშირად ისეთი ქალები მოჰყავდათ ცოლად, რომლებიც არ უყვარდათ. მათთვის ღალატიც არ იყო პრობლემა, უბრალოდ, კაცმა იცოდა, რომ ოჯახი ჰქონდა და შინ ცოლ-შვილი ელოდა. მეც ბევრი ოჯახი ვიცი, რომელიც მოტაცებით, ან გარიგებით შეიქმნა. არ ვიცი, ეს ოჯახები რამდენად ბედნიერები იყვნენ, მაგრამ რეალობას ეგუებოდნენ და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. დღეს, სულ სხვა ცხოვრება წამოვიდა: ყველა ცდილობს, რეალიზებული იყოს და თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს. ოჯახის შექმნა არ არის მთავარი პრიორიტეტი თუ ადამიანს არაფრისთვის მიუღწევია, თუ დამოუკიდებელი არ არის და თავისი შემოსავალი არა აქვს. ცხადია, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის უმჯობესია, რომ უფრო მეტი ოჯახი იქმნებოდეს, მაგრამ თანამედროვე ადამიანი სულ სხვა რამეებს აქცევს ყურადღებას. ქორწინების ასაკმაც ამიტომ გადაინაცვლა – ადამიანები ცდილობენ, ჯერ საკუთარი თავი იპოვონ და მერე დაოჯახდნენ.” (წყარო)