
თბილისში კოკაინის სახელით შემოსულია ძვირადღირებული დაუდგენელი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის გამოყენებასაც მოჰყვა ზედოზირების შემთხვევები, მათ შორის ლეტალობა, ბევრი ადამიანი კომაშია, ასეთ საგანგაშო ინფორმაციას ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ავრცელებს. ამბობს, რომ იმ ინფორმაციით, რასაც ახლობლები, პაციენტები და ექიმები აწვდიან, რამდენიმე ცნობილი ადამიანი მძიმე მდგმარეობაშია.
„ბევრი შემთხვევაა ზედოზირების, რაც მე ვიცი, რა ნარკოტიკია და რა არის, არ ვიცი, მე მომხმარებლის ინფორმაცია მაქვს, ვინც მოიხმარს, თორემ სხვა ოფიციალური ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. რაც ვიცოდი, დავწერე და მერე ვიდეო ჩავწერე, რა უნდა ქნან”,- განაცხადა ნარკოლოგმა.
კითხვაზე, თუ არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად კოკაინი არ არის, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს, სიხარულიძემ გვითხრა:
„არ ვიცი, ვერ გეტყვით, დღეს (10 მაისს) იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომ კოკაინი ამოიღეს და ვიღაცა დაიჭირეს, არასოდეს კოკაინი არ ამიუღია არავის. მე ვიცი, რომ რამდენიმე შემთხვევა ლეტალურად დამთავრდა, რამოდენიმე კომაშია, იმ ნარკოტიკით, რომელიც მოიხმარეს. რაც მე ვიცი ამ წუთას, სხვა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მე რასაც მირეკავენ ახლობლები, ექიმები და ჩემი პაციენტები რასაც მეუბნებიან, ესაა ჩემი ინფირმაცია. ეს უნდა გაასაჯაროვოს (თუ აქვთ ინფორმაცია) ჯანდაცვის სამინისტრომ, სამხარაულმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენი ზედოზირება მოხდა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენია ამ წუთას კომაში, რამდენი რთულ მდგომარეობაშია და ა.შ. ვიცი, რომ რამდენიმე ცნობილი ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, რომელთა ვინაობა არ ხმაურდება,” – უთხრა ზურაბ სიხარულიძემ „მთელ კვირას”.
მანამდე, ნარკოლოგმა ფეისბუქზე მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქალაქში ბოლო დღეებში ნარკოტიკული ნივთიერება იყიდება, რომელსაც ლეტალობაც კი მოჰყა და ეჭვობს, რომ ეს კოკაინი არ არის და სავარაუდოდ საქმე გვაქვს სიციცხლისთვის უკიდურესად საშიშ ნივთიერებათა ნაერთთან.
„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.
„არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.
„გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს”,- წერს ზურაბ სიხარულიძე.
სიხარულიძემ ამ თემაზე რამდენიმე პოსტი კიდევ გამოაქვეყნა, მათ შორის ვიდეოც, სადაც საუბრობს თუ როგორ მოიქცნენ ადამიანები პაციენტის ზედოზირების შემთხვევაში.
„ბოლო დღეებში არაერთმა კლინიკამ დამირეკა და მითხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი საკმაოდ მაღალია და დიდი ეჭვია, რომ იყოს ფენტანილის ზედოზირების შემთხვევები. ფენტანილი არის ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს.
კიდე ერთხელ დავწერ რას ვაკეთებთ ფენტანილის ზედოზირების დროს?
1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)
– ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
2. ნალოქსონის/ნარკანის გამოყენება
– შეიყვანეთ ნალოქსონი
– ფენტანილის შემთხვევაში შეიძლება მეტი დოზა იყოს საჭირო.
3. ძირითადი სასიცოცხლო მხარდაჭერა
– სი-პი-არი ან ხელოვნური სუნთქვა, თუ პაციენტი არ სუნთქავს ან არ აქვს პულსი.
– არ დააყოვნოთ, თუნდაც ნალოქსონის გამოყენების შემდეგ.
4. გადაყვანა ჰოსპიტალში
– ინტენსიური მეთვალყურეობა სავალდებულოა, რადგან ნალოქსონის მოქმედება დროებითია და ფენტანილის მოქმედება შეიძლება განახლდეს.
საჭიროა სახელმწიფომ გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები:
– ნაზალური ნალოქსონის (ნალტრექსონის) რეგისტრაცია და იმპორტი საქართველოში
– მისი ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის
ნუ მიატოვეთ ადამინს მარტო თუ გაქვთ ეჭვი რომ მან მიიღო ნარკოტიკი!!!” – განგაშის ზარს რეკავს ნარკოლოგი.
თემაზე „მთელი კვირა” დაუკავშირდა პარლამენტის ჯანმრთელობს დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილეს ვლადიმერ კახაძეს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გაამკაცრა, თუმცა საკითხის აღმოფხვრისთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მრავალპროფილური გამაჯანსაღებელი უფასო ცენტრების არსებობა, რა ინიციატივაც პარლამენტისა და კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ კანონმდებლობის დონეზე ნარკოტიკების მოხმარება-გაყიდვა ძალიან გაამკაცრა. 12-20 წელი და უვადო, 14-20 და უვადო, 16-20 და უვადო. მეორე, ვიცი, რომ პატარა და დიდი დოზის თემაც ნიველირებულია. მსუბუქი ნარკოტიკიც მოგონილი და შემოგდებული თემაა, ყველა სიცოცხლის მტერია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სისტემაშია ჩართული, ესენი სიცოცხლის მტრები არიან, ამას ყველაფერს ანგარების გამო აკეთებენ.
„აქ ყველა ექიმი, სახელწიფო, მშობელი, სკოლა, ჟურნალისტები, რომლებიც ჩართულები არიან კეთილი ზრახვით, ჩვენ ყველა უძლურები ვიქნებით, თუ ერთ მუშტად არ შევიკარით და ერთად არ დავდექით მსოფლიოს ნარკოტიკები გაანადგურებს. მსოფლიო მოსახლეობის 10%, ანუ 800 მილიონი მოსახლე ამ უბედურებაშია ჩართული, ესენი მომხმარებლები და უკვე დაავადებული ადამიანები არიან, რომლებიც მათ მიერ არიან გაწირულები, ვინ ამაში ფული იშოვა. ერთი 800 მილიონიც ამ საქმეს ემსახურება და წარმოგიდგენიათ რა საშინელ მდგომარეობაშია მსოფლიო?
„დიდი პოპულაციის ქვეყნებში ამას კიდევ შეიძლება რაღაცა შველა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. ზურას (სიხარულიძე) ვუსმინე, პირდაპირი ჩანაწერიც არის, ზურა მოუწოდებს ყველანაირად, რომ ადამიანებმა ეს უბედურება თავიდან აირიდონ. მიმართავს ხალხს, როგორ მოიქცნენ, რომ შოკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არ მიატოვონ”, – განაცხადა კახაძემ „მთელ კვირასთან”.
16 არილს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოდანაშაულის შესახებ, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები.
მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით – მოქმედი კანონმდებლობით, ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
სამიდან ექვს წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით – კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;
კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად – კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.
შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება, რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ ავტომობილის მართვის მოწმობას, ხუთი წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;
თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს, გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება, პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს რვა საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.
პატიმრობა შესაძლებელია აიცილონ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს პოლიციას ნარკოტიკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის თებერვალში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ “30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები”.