
აშშ-ში, დისნეილენდის თავზე, იდუმალი შავი რგოლი გამოჩნდა, რომელმაც სამხრეთ კალიფორნიის გასართობ პარკთან გამვლელი მძღოლები შეაშინა.
ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, “ფოტოებზე ჩანს შავი, უცხოპლანეტელის მსგავსი ზოლი, საშიშად ლივლივებს პარკის თავზე”.
“ის არ გაქრა და ეს ჩიტების გუნდი არ იყო. ნამდვილი “მატრიცა” იყო თუ უბრალოდ დადგმული პაროდია… არ ვიცი, მაგრამ რაღაც იყო”, – განაცხადა ლორი ნაჯაჰალსკიმ, რომელმაც უცნაური მფრინავი შავი წრის ფოტოები გადაიღო.
დისნეილენდის წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ შავი რგოლი არის კვამლის გამომწვევი პიროტექნიკური მოწყობილობა, რომელიც პარკის ცნობილი ფეიერვერკების დროს გამოიყენება.
პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ ხუთშაბათს დილით, პარკის გახსნამდე, შეამოწმეს აღჭურვილობა, რამაც აღნიშნული შავი ღრუბელი გამოიწვია.









