
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, ქრისტი და ვიტალი ჭოლარიები, დაშორდნენ.
ეს გადაწყვეტილება ქრისტიმ საჯაროდ, სანდრა ზოიძის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით გაახმაურა. ვიდეოში ქრისტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ტრაგედიაზე და მეუღლესთან დაკავშირებულ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა.
“ძალიან რთული იყო ჩემთვის იქ ცხოვრება. ბავშვების მერე უფრო რთული გახდა. მეგონა, რომ მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ დიდ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამხელა ტკივილის შემდეგ არ მეგონა, თუ ისევ მეტკინებოდა გული… გადავწყვიტე, მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის ერთად გადატანა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ გაუხარდებათ, მე რომ ცუდად ვიყო და რამე დამემართოს”, – ამბობს ის მიმართვაში.
ქრისტიმ ასევე გაიხსენა, რომ ტრაგედიამდეც ჰქონდათ მეუღლესთან სერიოზული უთანხმოება:
“ჩხუბი მოგვივიდა, როცა პატარები გვყავდნენ. ისე ვიჩხუბეთ, რომ გაშორება გვქონდა გადაწყვეტილი. მერე ისეთ დღეში იყო, რომ გადავიფიქრე, თორემ მინდოდა ბავშვების დედაჩემთან წაყვანა. მე რომ ჩემი ანგელოზები დედაჩემთან წამეყვანა, ახლაც ცოცხლები იქნებოდნენ“, – ამბობს ქრისტი მწუხარებით.
“გარდაცვლილი ბავშვების მამა, ვიტალი ჭოლარია ამბობს, რომ ქრისტის გადაწყვეტილებით გაოგნებულია. როგორც მან ჩვენთან ინტერვციუში აღნიშნა, რომ ბოლო 27 დღეა, ცოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია.