“შემიძლია პარალელი გავავლო საქართველოსთან, რომ ფეხბურთი ნეაპოლელების იდენტობის ნაწილია და მათი წარმოდგენიდან, გადმოსახედიდან გამომდინარე, მათ იდენტობას შეეხნენ, გათელეს. ამიტომაც, როგორც ქართველს მესმის, რატომ ჰქონდათ ასე მწვავე რეაქცია. თუმცა, ასეთი აგრესია და უზრდელობა ჩემთვის მიუღებელია” – იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ქართულ-იტალიური ონლაინ მედია ERMES TV-ს (ერმესი მედია) დამფუძნებელი – ნინა მამუკაძე იტალიიდან გვესაუბრა.
– რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან მცირე დროში შეძლო, ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, როგორც საფეხბურთო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით. საფეხბურთო თვალსაზრისით ხვიჩა ტალანტია, ეს ტალანტი მან ძალიან დიდი შრომით განავითარა. ნეაპოლში ხვიჩას საოცარი გარემო დახვდა, რამაც ასეთ დიდ მასშტაბზე გაიყვანა. ნეაპოლში ხდება ის, რაც არსად. ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, ფეხბურთის ღმერთი მარადონაც ხომ სწორედ ნეაპოლში ჰყავთ, ის, ვინც კლუბს ორი სკუდეტო მოაგებინა. მესამე სკუდეტო კლუბმა ხვიჩას დამსახურებით მოიგო.
წარმოიდგინეთ, ხვიჩა ნეაპოლელების რამდენად დიდ სიყვარულს დაიმსახურებდა, ის ხომ მესამე სკუდეტოს მთავარი გმირი იყო. ოდნავაც არ გამკვირვებია ნეაპოლელების ასეთი ემოციური რეაქცია, როდესაც ხვიჩას წასვლის შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა. მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია წყენის, გულისტკივილის ისეთი ფორმით გამოხატვა, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ვნახეთ. არცერთი ფეხბურთელი, მითუმეტეს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მართლაც საოცრებები მოახდინა, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, არ არის მთლიანად ნეაპოლის და ნაპოლის გულშემატკივრების დამოკიდებულება.
ხვიჩას სამოქალაქო დამსახურება ვახსენე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქამდე იტალიელები საქართველოს ემიგრანტების მეშვეობით იცნობდნენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირი შეხება მაქვს ემიგრანტებთან და ვხედავ, როგორ ცდილობენ საკუთარი სამშობლო საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. ეს არ არის ტრაფარეტული ფრაზა, რომ ემიგრანტები თავიანთი ქვეყნის ელჩები არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ცნობადობა რადიკალურად, სასწაულად ხვიჩა კვარაცხელიას გადმოსვლის შემდეგ გაიზარდა. ამ ყველაფრის ცოცხალი მოწმე ვარ. თუ მანამდე ახსენებდი, რომ ქართველი ხარ, თავს ვალდებულად თვლიდი, აგეხსნა, რომ არ ხარ რუსეთიდან, რომ რუსული შენი მშობლიური ენა არ არის, რომ არც ამერიკის ერთ-ერთი შტატიდან ხარ. “კვარამ” მოახერხა ის, რაც ევროპაში დღემდე ვერავინ შეძლო. ძალიან დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ ქართველები ამ პერიოდში. კითხვის გაგრძელება