
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ინტერ მაიამისთან“ მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებდა, რაც მას ივნისში ახალი ფორმატით გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას მისცემდა. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიან მოთამაშეს სულ სხვა გეგმები აქვს და ამის შესახებ თავის აგენტსაც აცნობა.
Sport Bible-ს ჟურნალისტის, ნასირ ჯაბარის ცნობით, რონალდუს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება ისევ სურს, თუმცა არა მაიამის კლუბის შემადგენლობაში, არამედ ინგლისის პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდის რიგებში. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჩელსისთან“ აწარმოებენ და მათ შორის საუკეთესო ვარიანტს შეარჩევენ. ისიც სათქმელია, რომ კრიშტიანუ წლების მანძილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს თუნდაც მხოლოდ ერთ ტურნირზე, მისი „ქალაქელების“, ან „არისტოკრატების“ მაისურით ხილვა ნამდვილად არ ესიამოვნებათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-კადისიასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ მოედანი უგოლოდ 5-მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ პირველად დატოვა, თუმცა 23 ბურთით ის პრო ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.
წყარო: crystalsport.ge