
საგურამოში მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – აგარაკი, სადაც ბოროტმოქმედები შევიდნენ, ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას საკუთრებაშია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით შსს-მ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნიღბიანები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
- როგორც უკვე ვთქვით, აღნიშნული სახლი გელა ბარკალაიას ეკუთვნის, ხოლო ნაცემია 70 წლის ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელი.
70 წლამდე კაცი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი მძარცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. როგორც “პირველებს” უყვებიან, შეიარაღებული პირები ეძებდნენ ფულს და ძვირფასეულობას, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში, თუჯის რეზერვურაში ინახავდა.
ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ ambebi.ge – ს გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა. ბიზნესმენის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა. როგორც ჩანს, გელა ბარკალაია აგარაკის გარემონტებას ახლა იწყებდა, ამიტომ ადგილზე სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს ამბობს, რომ ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.








