
“კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია” – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა.
“ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი ბატონი რიჟვაძის მიერ არის დაწერილი, რაც მნიშვნელოვანია. მასალებთან ერთად, როცა მტკიცებულებები გამიცვალეს, რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის დასკვნაც გადმომეცა.
თქვენ „ფანჩატურს“ კი ამბობთ, მაგრამ ეს ფანჩატური დახურულია, იკეტება კარი, ღია სივრცე არაა. მან სულ რამდენიმე წამით დატოვა იქ თავისი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცლსასროლი იარაღი – შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად, იქ ჩანთას არ წაიღებდა, დამეთანხმებით. ეს თუ დაუდევრად შენახვად ჩაითვლება, ამაზე არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ.
საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ.
ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპამდე გამოკითხული არ არის. საქმეში დევს დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა აფციაურმა.
ცნობისთვის, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამის შემდეგ იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.