რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს? - bbcnews.ge
საინტერესო

რა მოხდება, თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებისთვის არის ხელმისაწვდომი. მეცნიერები კაცების კონტრაცეფციაზე აქტიურად მუშაობენ და წარმატებასაც აღწევენ. მსგავსი საშუალებები ჯერჯერობით მხოლოდ ტესტირების ეტაპზეა, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენება ან ვაზექტომიის ჩატარება შეუძლიათ.

მაშ, რა მოხდება, თუ ქალებისთვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს კაცი მიიღებს?

როგორც წესი, ასეთი აბები ორ ჰორმონს — ესტროგენსა და პროგესტინს — შეიცავს, რომლებსაც ქალის ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის. ასეთი აბები ძირითადად ოვულაციის შეჩერებით მუშაობს, ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოდევნას აფერხებს. ეს ორსულობის პრევენციაში გვეხმარება. აღნიშნული ჰორმონები უფრო მცირე რაოდენობით კაცის ორგანიზმშიც გვხვდება, კერძოდ: ესტროგენი სპერმატოზოიდების მომწიფებაში მონაწილეობს, პროგესტინს კი ტესტოსტერონის წარმოქმნაში შეაქვს წვლილი.

თუკი კაცი 1-2 აბს მიიღებს, დიდი ალბათობით, არაფერი მოხდება. ეს რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ჰორმონული ცვლილებები დაიწყოს. მეორე მხრივ, ხანგრძლივი და ჭარბი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ცვლილებებმა იჩინოს თავი. მაგალითად, შესაძლოა: მცირედით გაიზარდოს მკერდი, ოდნავ დაპატარავდეს სათესლე ჯირკვლები, შეიცვალოს ლიბიდო და სახეზე თმა შემცირდეს. არსებობს იმის შანსიც, რომ კანი უფრო რბილი გახდეს, თეძოები კი — უფრო განიერი.

კაცებში ესტროგენის დონეების მატება უშვილობის რისკს ზრდის, რადგან ჰორმონული დისბალანსი ხარისხიანი სპერმის წარმოქმნას უშლის ხელს. შეიძლება განვითარდეს: დაღლილობა, კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი, კონცენტრაციის სირთულეები და წამოხურების შეგრძნებებიც. ეს კაცებში ესტროგენის მოჭარბების ნიშნებია.

შენიშნავდით, რომ გვერდითი ეფექტები კაცებში ფემინური მახასიათებლების გაჩენასთანაც არის კავშირში. თუკი გარდასახვაა თქვენი მიზანი, ამისათვის მეტად უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამაში ექიმი დაიხმაროთ და ჰორმონული საშუალებები თვითნებურად არ გამოიყენოთ.

ცნობილია, რომ გარდასახვის მიზნით ტრანსგენდერი ქალები ესტროგენს ბევრად დიდი დოზებით იღებენ. გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებულია ესტროგენის ფორმებიც. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიდან ამ ჰორმონის მიღება ძალიან მაღალი დოზებით არ შეიძლება. ეს იმიტომ, რომ იგი ნორმალური რაოდენობის შემთხვევაშიც კი ზრდის ღრმა ვენების თრომბოზისა და გულის შეტევის რისკს.

გამოდის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შემთხვევით ან ცნობისმოყვარეობის გამო რამდენჯერმე მიღება, დიდი ალბათობით, არ დაგაზიანებთ. მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული მიზანი გამოძრავებთ, დიდი შანსია, რომ ამისათვის უკეთეს საშუალებასაც იპოვით.

კონტრაცეფციაზე რჩევებისთვის ან ჰორმონული ბალანსის შესამოწმებლად უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

წყარო

Back to top button