მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ნაოჭდება კანი დაბერებასთან ერთად - bbcnews.ge
მეცნიერება

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ნაოჭდება კანი დაბერებასთან ერთად

თქვენი თვალების კუთხეებში არსებულ ნაოჭებს თამამად შეგიძლიათ უწოდოთ სიცილის ხაზები; ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს ნიუ-იორკის ბინგჰემტონის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა.

16-დან 91 წლამდე ასაკის ადამიანთა კანის ნიმუშების გამოყენებით, ჯგუფმა დაადასტურა, რომ ერთი მიმართულებით კანის გამუდმებული გაჭიმვა და მოდუნება დაბერებულ ქსოვილს ისე ძაბავს, რომ იწვევს ნაოჭების წარმოქმნას ზუსტად ისე, როგორც თქვენს ჯინსს უჩნდება ნაკეცები.

„ეს უკვე თეორია აღარ არის. ახლა უკვე გვაქვს მყარი ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ დაბერების უკან ფიზიკური მექანიზმი დგას“, — ამბობს ბიოსამედიცინო ინჟინერი გაი გერმანი.

მიუხედავად იმისა, რომ კანის სტერესისა და დეგრადაციის მექანიზმები წინა კვლევებშიცაა შესწავლილი, ეს კვლევა პირველია, რომელშიც ფიზიკურად დატესტეს ნამდვილი კანის ნიმუშები ინსტრუმენტით, რომელსაც სუსტი ძალის ტენსომეტრი ეწოდება და ცვლილებებს მიკროსკოპით დააკვირდნენ.

ტენსომეტრის მიერ გამოყენებული დაძაბულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვეთისა და რღვევის მსგავსი იყო. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაჭიმვის საპასუხოდ კანის შეკუმშვის მოძრაობები ასაკთან ერთად უფრო დიდი ხდებოდა, რაც დაბრეცვას და დაჭმუჭვნას იწვევდა.

დადგინდა, რომ საწყის მდგომარეობაში ჩვენი კანი ნახევრად დაჭიმულია და ეს ძალები ასაკთან ერთად იცვლება. გარე ფენა თანდათან უფრო მკვრივდება, ქვედა ფენა კი რბილდება, რადგან მცირდება მისი კოლაგენის კონსტრუქციის სიმკვრივე.

როგორც ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, დროთა განმავლობაში, სითხის გამოდევნის გამო, კანი მოცულობას კარგავს, რაც ნაოჭების ეფექტებს უფრო ამწვავებს. კანის ეს ფოროელასტიკური თვისება მნიშვნელოვანია და აქამდე არ დაფიქსირებულა.

მაგალითად, თუკი ე. წ. ტყლარწის სათამაშოს გაწელავთ, ჰორიზონტალურად გაიჭიმება, მაგრამ ასევე შეიკუმშება საპირისპირო მიმართულებით და უფრო გათხელდება. ზუსტად ასე ემართება კანსაც. რაც უფრო ბერდებით, იზრდება შეკუმშვაც. და თუ თქვენი კანი ზედმეტად იკუმშება, ხდება იბრიცება. ასე ჩნდება ნაოჭები“, — ამბობს გერმანი.

ეს კვლევა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის დადგენა, საიდან ჩნდება ნაოჭები. ჩვენი კანის თვისებების გაგებით, და იმის ცოდნით, თუ როგორ იცვლება ეს თვისებები დროთა განმავლობაში, შეგვიძლია უკეთესად შევისწავლოთ და ვუმკურნალოთ კანის სხვადასხვა დაავადებას.

თუმცა, მკვლევრებს მხოლოდ კანის გარე ფენა არ აინტერესებდათ — ისინი ვარაუდობენ, რომ მათ კვლევას შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა ქსოვილების მოდელირებაზეც. მაგალითად, ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ტვინში ნაოჭების შესასწავლადაც.

კვლევის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კანის მოვლის თვალსაზრისითაც — იმის შესაფასებლად, სინამდვილეში რამდენად ეფექტიანია დაბერების საწინააღმდეგო კანის მრავალი სხვადასხვა პროდუქტი.

ამას გარდა, მკვლევრებმა დააკავშირეს ქრონოლოგიური დაბერების ეფექტები კანზე და მზის ულტრაიისფერი რადიაციის საზიანო ეფექტები — ის, რისი აცილებაც შესაძლებელია მზისგან დამცავით.

„თუ ცხოვრებას ღია ცის ქვეშ მუშაობაში ატარებთ, უფრო დიდია ალბათობა, რომ გქონდეთ დაბერებული და დანაოჭებული კანი, ვიდრე ოფისებში მომუშავეებს“, — ამბობს გერმანი.

კვლევა Journal of the Mechanical Behavior of Biomedical Materials-ში გამოქვეყნდა.

Back to top button