„წარმოუდგენელი ამბავია... უნიჭიერესი გოგო იყო...“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები ზუგდიდში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე - bbcnews.ge
კრიმინალი

„წარმოუდგენელი ამბავია… უნიჭიერესი გოგო იყო…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ზუგდიდში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე

ზუგდიდში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის, 34 წლის ნათია ხაჩატურიანი დააკავეს. 

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო. ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც.

„მოკლული ქალი, ნათია აფხაზავა გერმანიაში ცხოვრობდა, ქმარიც იქაური ჰყავს. უნიჭიერესი გოგო იყო. ბევრ ადამიანს ეხმარებოდა.

ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც. აფხაზავამ ხაჩატურიანს საქართველოში ბინის შესაძენად და რემონტის გასაკეთებლად საჭირო თანხა გამოუგზავნა. ამბობენ, რომ ბინა იყიდეს, თუმცა, რემონტისთვის საჭირო ფული დახარჯეს. ესეც ყოფილა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, ხაჩატურიანი აფხაზავაზე ეჭვიანობდა“, – ამბობენ ადგილობრივები.

შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, მკვლელობამდე, ქალებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ხაჩატურიანმა აფხაზავას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button