
დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მედია ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოუტანა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო. დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე ბინა 53.3 კვ.მ ფართობით, რომელიც 2022 წელს 55,000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, სახელაშვილი ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში. ყველა ეს ნაკვეთი მას 2014 წელს ჩუქების გზით გადაეცა და 2024 წელს მოხდა მათი ხელახალი რეგისტრაცია.
მოძრავი ქონებიდან დეკლარაციაში დაფიქსირებულია მსუბუქი ავტომანქანა Ford C-Max (2013 წლის), რომელიც მოსამართლემ 2021 წელს 5,270 აშშ დოლარად შეიძინა.
საბანკო ანგარიშებზე მთლიანობაში სახელაშვილი დეკლარაციაში 2000 ლარამდე თანხებს უთითებს.
მოსამართლეს დეკლარირებული აქვს 200,000 ლარის სესხი, აღებული 2022 წელს „ბაზისბანკიდან“. 2024 წლის განმავლობაში გადახდილია 35,200 ლარი.
სამუშაოდან მიღებული შემოსავალი 2024 წელს ჯამში შეადგენს 95,271 ლარს მოსამართლის პოზიციიდან და 781 ლარს მოწვეული ლექტორის რანგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამატებით, სახელაშვილი 10,643 ლარის ქირის შემოსავალს იღებდა ბინიდან.
დეკლარაციის მიხედვით, ნინო სახელაშვილი არ ფლობს ბიზნესწილებს, არ მიუღია ფასიანი საჩუქარი და არ განუხორციელებია მაღალი ღირებულების სხვა ტიპის გარიგება, გარდა ზემოაღნიშნული სესხისა.