"შრომამ, საკუთარ თავზე მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. დროის მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს - bbcnews.ge
საზოგადოება

“შრომამ, საკუთარ თავზე მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. დროის მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა” – გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოურ ენებში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულის მიღება შეძლეს:

სალომე სიხარულიძემ თბილისის 180-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მანაც მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო:

– მაქსიმალური შეფასების მიღებაში მასწავლებლის მხარდაჭერა, ასევე ჩემი მხრიდან მონდომება განსაკუთრებით დამეხმარა. რამდენიმე წლის წინ ინგლისურად წიგნების წაკითხვა, ფილმების, ვიდეოების ყურება დავიწყე და ვფიქრობ, ენის შესწავლისა და გამართულად საუბრისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ოჯახის წევრები სულ მეხმარებოდნენ, რომ მოტივაცია არ დამეკარგა. ემოციურადაც და ფიზიკურადაც მხარს მიჭერდნენ.

რა თქმა უნდა, სისტემატურ მუშაობასა და შრომისმოყვარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, მინდა აბიტურიენტებს ვურჩიო, რომ, პერიოდულად, დასვენებისათვის დრო აუცილებლად გამოყონ და საკუთარ თავს ინფორმაციის გაანალიზების შესაძლებლობა მისცენ.

ლიზი დარჩიამ სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გეგმავს. მან ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო და საკუთარ გამოცდილებას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

– ჩემი მასწავლებლების, ქეთევან სანოძის, მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, დროის სწორად განაწილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შრომამ, საკუთარ თავზე მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. სკოლაში ინგლისურად წიგნებს ვკითხულობდით, რაც ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებაში ძალიან დამეხმარა. ასევე, ფილმების ინგლისურად ყურება მიყვარს.

დროის მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას, ჩემ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ. ემოციური ფონის გავლენით, გამოცდა კიდევ მეტად რთულად გვეჩვენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შევეცადოთ, რომ არ ვინერვიულოთ. სასწავლო პროცესში პრაქტიკას დიდი ყურადღება დაუთმეთ, რადგან სწორედ პრაქტიკა გვეხმარება თეორიის განმტკიცებაშიც და იმ უნარების გამომუშავებაშიც, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოგვადგება.

ლუკა გიორგაძემ სკოლა “ოპიზა” დაამთავრა. ის სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო და გვესაუბრება, რა დაეხმარა უმაღლესი შედეგის მიღწევაში:

– ბავშვობიდან ფილმებს ინგლისურ ენაზე ვუყურებდი და წლების განმავლობაში, ეს განსაკუთრებით მეხმარებოდა. მუსიკა ძალიან მიყვარს, ვუკრავ. სხვადასხვა ინგლისურენოვან კომპოზიციას სისტემატურად რომ ვუსმენ, ესეც, რა თქმა უნდა, მეხმარება. გარდა ამისა, არის ბევრი ისეთი წიგნი, რომლებიც ქართულ ენაზე, ჯერჯერობით, არ უთარგმნიათ და ინგლისურად წავიკითხე. ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებაში ეს ყველაზე მეტად მეხმარებოდა. კითხვის გაგრძელება

Back to top button