
ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებთან დაკავშირებული კონფლიქტები კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა მათ ისედაც მყიფე ე.წ. ეკონომიკას. პროცესი დაახლოებით ასე შეიძლება აღიწეროს: აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები არ მოსწონთ, რუსებს კი – “დაულაგებელი” აფხაზეთი.
ე.წ. იაფი ტურისტების თაობაზე გაკეთებული განცხადებები და პლაჟების დაბინძურების გამო გაჩაღებული ახალი სკანდალი, აფხაზეთის ტურისტულ იმიჯს სერიოზულად აზიანებს და რეგიონის მთავარ შემოსავლის წყაროს – რუს ტურისტებს აფრთხობს.
- სკანდალური განცხადებები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოიწვია
კონფლიქტის პირველი ნაპერწკალი 2025 წლის ივნისის ბოლოს გაჩნდა, როდესაც აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების განყოფილების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქრისტინა ლაკერბაიამ, საჯაროდ განაცხადა, რომ “რესპუბლიკას” არ სჭირდება “ღარიბი“ ტურისტები, რომლებიც 300 რუბლად ჩადიან და სუვენირების ყიდვისა თუ ადგილობრივი პროდუქტების ნაცვლად, “დოშირაკებით“ (სწრაფი მომზადების ატრიის სუპი) იკვებებიან.
“ჩვენ კი გვინდა, რომ სუვენირები შეიძინონ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი ტურისტი არ გვჭირდება“, – ამ სიტყვებმა რუსულ საზოგადოებაში, მედიასა და ტუროპერატორებს შორის აღშფოთების ტალღა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლაკერბაია სწრაფად გაათავისუფლეს სამსახურიდან და აფხაზური მხარე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, ზარალი უკვე აშკარაა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და ე.წ. ტურიზმის მინისტრმა ასტამურ ლაგუამ დაგმეს ლაკერბაიას სიტყვები, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.