
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია, ტრამვულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით გუშინ შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.