
13 გოგონა და ორი პედაგოგი ბანაკ „მისტიკის“ კოტეჯში ცხოვრობდა. აქ ყველაზე უმცროსები – 8-დან 10 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ განთავსებული.
ქოხები მდინარიდან 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე იყო, ამიტომ წყალი მათში ორი მხრიდან შედიოდა: გვადალუპეს მდინარედან და ახლომდებარე ნაკადულიდან, რაც გოგონების გაქცევას განსაკუთრებით ართულებდა.
ორშაბათს დილის მონაცემებით, 10 გოგონას და 18 წლის პედაგოგის ქლოე ჩაილდრესის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი პედაგოგი და სამი ბავშვი დაკარგულად ითვლებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკის თანამფლობელი დიკ ისტლენდი გოგონების გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა.
მისი ცხედარი შავ ჯიპში იპოვეს, სამი გოგონას ცხედრების გვერდით, რომელთა გადარჩენასაც ის ცდილობდა, იტყობინება The Washington Post.
„მისტიკმა“ დაადასტურა, რომ წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ბანაკის 27 წევრი და პედაგოგი დაიღუპა.
კოტეჯში მყოფი გოგონების უმეტესობამ გაქცევა ვერ შეძლო, რადგან წყალდიდობის დროს წყლის დონემ სულ რაღაც 90 წუთში 6 მეტრით აიწია.

ოჯახებს ბანაკის დათვალიერების უფლება კვირა დილიდან მიეცათ.
ორშაბათის შუადღის მონაცემებით, შტატში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა.
გუბერნატორმა გრეგ აბოტმა კვირას განაცხადა, რომ შტატის მასშტაბით კიდევ 41 ადამიანია დაკარგული და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს დაკარგული.
მაშველები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად რთულ, გველებით დასახლებულ რელიეფზე მანევრირებას აგრძელებენ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას ხელი მოაწერა კერის ოლქში მასშტაბური კატასტროფის გამოცხადებას და განაცხადა, რომ სავარაუდოდ პარასკევს ეწვევა: „მე ამას დღეს გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ხელს შევუშლით მათ“.
„საშინელი რამ მოხდა, აბსოლუტურად საშინელება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.