
102 წლის მამაკაცი გახდა ყველაზე ხანდაზმული პირი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც NHS-ის მეშვეობით ვიაგრა მიიღო, იტყობინება უცხოური პრესა. სტატისტიკის მიხედვით, 80 წელს გადაცილებულთათვის 250,000 რეცეპტი გაიცა, თუმცა ზოგიერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეს პრეპარატი კერძო წესით შეიძინა.
ინგლისის 106 კლინიკური ჯგუფის მონაცემებით, NHS-მა გასულ წელს 4.71 მილიონი რეცეპტი გასცა ერექციულ დისფუნქციასთან საბრძოლველად, რაც £16.9 მილიონი დაჯდა. 60-იან წლებში მყოფებმა ყველაზე მეტი „ლურჯი აბი“ მიიღეს. ვიაგრის აქტიური ნივთიერება, სილდენაფილი, თავდაპირველად ფილტვების არტერიებში მაღალი წნევის სამკურნალოდ შეიქმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის სისხლის ნაკადს ზრდის და აღგზნებას 2 საათამდე უწყობს ხელს. გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს სმენის დაქვეითებას, ფერის სიბრმავესა და თავბრუსხვევას. ცნობილი მომხმარებელი იყო ჰიუ ჰეფნერი, „პლეიბოის“ დამფუძნებელი, რომელიც 2017 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.