
36 წლის ირაკლი არჩვაძე პირველი ქართველია, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა.
ირაკლიმ ოპერაციის გამო სამსახური მიატოვა და ბავშვობის ოცნების ასასრულებლად თურქეთში გაემგზავრა.
რატომ და როდის გადაწყვიტეთ სიმაღლეში ზრდი ოპერაციის გაკეთება?
– ბავშვობიდან მინდოდა, შემეცვალა რაღაც ჩემს გარეგნობაში. არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი პროპორციებით — გაშლილი ხელების სიგრძე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩემი სიმაღლე. ეს დისკომფორტს მიქმნიდა. არ მომწონდა ასეთი ჩემი თავი; მინდოდა, უფრო მაღალი ვყოფილიყავი.
ინტერნეტში ვეძებდი ხოლმე ინფორმაციას — რა ხდებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში, სად კეთდებოდა ოპერაცია. უცებ წავაწყდი ვიდეოებს და ვნახე, რომ თურქეთში, სტამბოლში აკეთებდნენ მსგავს ოპერაციებს. თავიდან „ფოტოშოპი“ მეგონა — ისეთი ფოტოები და ვიდეოები იყო, ხალხი მართლაც იზრდებოდა.
მოვუსმინე ამ ადამიანების ისტორიებს, გავაანალიზე ყველა ვიდეო. 16 წლიდან მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ბავშვობაში ბევრ სპორტზე დავდიოდი; სტაფილოს და ჭარხალსაც მიწურავდნენ, მაგრამ არ მიშველა.
როგორ ტარდება ოპერაცია და რამდენ ხანში აქვს შედეგი?
– ეს ოპერაცია სხვა ოპერაციებისგან იმით განსხვავდება, რომ ოპერაციას იკეთებ იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს; ჩემს შემთხვევაში ბარძაყის ძვლები გადამიტეხეს და ხელოვნური იმპლანტი ჩამისვეს შიგნით; გარედან დააყენეს ფიქსატორები. ამ ფიქსატორებით ვახდენდი ზრდას; 4-ჯერ ან 5-ჯერ ვატრიალებდი ყოველ დღე. თითო გადატრიალებით ვიზრდებოდი 0.25 მილიმეტრით. აუცილებელია ოპერაციამდე 3-4 თვით ადრე იოგაზე სიარული ან გაწელვები, რომელიც გეხმარება რეაბილიტაციაში; მე ოპერაციამდე მოვამზადე ჩემი ორგანიზმი. მყესები თუ მოქნილი არ არის, ძალიან დაიტანჯება პაციენტი. ტკივილები ახლავს ოპერაციას, მაგრამ არა ისეთი, რომ ვერ გაუძლო; 5 სანტიმეტრს რომ მივაღწიე, ნერვის ტკივილი დამეწყო — მთელი ღამე ვერ დავიძინე. ეს ტკივილი დენის დარტყმას და დაბუჟებას ჰგავდა.
როგორი იყო ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი?
– ოპერაციის შემდგომ პირველი ტერფები ავამოძრავე; დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და გამიხარდა. ოპერაციის გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია; ოპერაციამდე ჩავედი თურქეთში და ყველა დეტალი დავაზუსტე. ოპერაციიდან 10 დღეში ჭოჭინათი გავიარე. ოპერაციის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ჩემმა დამ იცოდა; მან მშობლებს პროცესი არ აუხსნა, რომ არ ენერვიულათ. 14 თებერვალს გავიკეთე ოპერაცია; ფიქსატორები 12 მაისს მოვიხსენი. ფიქსატორს რომ იხსნი, ზრდის პროცესიც სრულდება. ერთი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში; ახლა ჩვეულებრივ დავდივარ, ყავარჯნების გარეშე. ახლა ჩემი სიმაღლე არის 179 სმ; მანამდე 170 სმ-მდე ვიყავი.