
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, გვიან ღამით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ადგილობრივი მცხოვრებია.
ადგილობრივების თქმით, ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც მამაკაცი ბებიის მიტოვებულ სახლში სუფრასთან იმყოფებოდა. ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება მალევე გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში.
დაშავებულებიდან ორს მხრის არეში მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. ისინი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაწერეს.
კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ერთ მათგანს გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება და ის წნორის არქიმედეს კლინიკაში გადის მკურნალობას. მეორე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მძიმე სხეულის დაზიანებას გულისხმობს.