
თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.
მოზარდის გარდაცვალების შესახებ წერს N142 საჯარო სკოლა.”გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა – დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს.
ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას”, – ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
“მაპატიოს ამ ანგელოზის მშობელმა, რომ ვასაჯაროებ ამბავს, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მოგეხსენებათ, გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში. ეს ბავშვი, ეს მშვენიერი გოგონა ჩავარდა ნაგვით ამოვსებულ სარდაფში და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნებისმიერი სიტყვა უძლურია, არ მაქვს უბრალოდ. ვუსამძიმრებ ახლობლებს დიდი ტკივილით, მაგრამ ახლა დავუბრუნდები მიზეზს, რისთვისაც ვწერ ამ ყველაფერს, აი თქვენ, ზუსტად თქვენ, ვინც გაიძახით “ჩემი გარაჟი” , “ჩემი სარდაფი” , “ჩემი ტერიტორია”… და ბოდიში, ნაგვით და არის სავსე, სადაც ბავშვები თამაშობენ. როგორ უყურებთ თქვენს მეზობელს თვალებში? რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენ დაჟანგებულ და გაოხრებულ ნაგვით სავსე “გარაჟზე” არ აბობღდება ბავშვი და არ ჩავარდება შიგ. ნახევრად ღია სარდაფები, ღია სახურავის სხვენები ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი! განგაშის დროა ხალხნო არ დაიღალეთ?! კულტურა არ გაგვაჩნია ერს! რომ ჩვენს კარ- მიდამოს მივაქციოთ მაქსიმალურად ყურადღება, ჩვენვე ვიზრუნოთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე , სხვა არ მოვა და არ გეტყვის მიხედეო . ზუსტად ჩვენ ვართ ვალდებულები, ჩვენ!!! ამოვიდა უკვე ყელში ეს სიბნელე. შეაწუხეთ თავმჯდომარეები და მიხედეთ თქვენს ეზოებს თუ კორპუსებს !! გასკდა გული არ ვწერ ანონიმურად, ვისაც არ მოეწონება ესე იგი საჭირო იყო გულზე მოგხვდებათ ზოგს ვიცი. კიდევ ერთხელ გამძლეობა მშობლებს ,პატარა ნინო კი ზეცაში შეუერთდება ანგელოზების გუნდს. გამოფხიზლდით უფროსებო ამაზე დუმილი დანაშაულია !”- წერს ადგილობრივი.