
ბიჭი თვალებში ციმციმა ვარსკვალებით გაიზარდა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! ჯერ საკუთარი ქვეყანა აალაპარაკა, მერე – მსოფლიო. სახელი და გვარი ყველას დაამახსოვრა. სიამაყის განცდა და გამარჯვების სიხარული ყველას ერთად განგვაცდევინა.
“უზომოდ თბილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული” – მშობლიურ 169-ე საჯარო სკოლაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა სიამაყითა და სიამოვნებით საუბრობს.
“ხვიჩას სხვების სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია”
ლეილა ხიჩაკაძე, პედაგოგი:
– ხვიჩას თამაშებს თვალს ადევნებთ?
– რა თქმა უნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშა, იმ საღამოს შინ გვიან უზომოდ დაღლილი დავბრუნდი, რადგან მეორე დღეს პირველი ივნისი იყო და სკოლაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გვქონდა დაგეგმილი. ხვიჩამ გოლი რომ გაიტანა, არ ვიცი, სავარძლიდან როგორ წამოვფრინდი, ძალა საიდან მომეცა. სასწაული განცდა იყო, ახლაც სიხარულისგან მეტირება. ეს ბიჭი შვილივით მიყვარს. ხვიჩა და ჩემი შვილი, გიორგი ბლიაძე, ერთ კლასში სწავლობდნენ. მათემატიკას ვასწავლიდი, მეგობრობდნენ და ახლაც მეგობრობენ, გიორგი ხვიჩას მეჯვარეა.
– როგორი ბავშვი იყო ხვიჩა?
– უზომოდ თბილი, კეთილი, მეგობრული და ეს თვისებები დღემდე აქვს. მიზანდასახული რომ იყო, ეს ისედაც ცხადია.
მეხუთე კლასში იყვნენ, ჩემი შვილისთვის დაბადების დღის რესტორანში გადახდა რომ მოვინდომე, მაგრამ გიორგისთვის ეს ამბავი წინასწარ არ მითქვამს, მინდოდა სიურპრიზი მომეწყო. კლასელები რესტორანში მისგან მალულად წავიყვანე და ამ ამბით ხვიჩა აღფრთოვანებული იყო, გზაში ხელზე ხელს მადებდა და მეუბნებოდა, მასწ, თქვენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხართ! ბავშვები რომ შევკრიბე, მერე მივიყვანე ჩემი შვილი. ცოტა ხნის შემდეგ, სუფრიდან რომ ადგნენ და გართობა დაიწყეს, ხვიჩამ თქვა, დღეს ვარჯიში მაქვს, უნდა წავიდეო. სად უნდა წახვიდე, ერთი დღე თუ არ ივარჯიშებ, რა უჭირს-მეთქი? ვარჯიშს ვერ გავაცდენო, მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ კლასელებთან გართობა უნდოდა, ვარჯიშზე მაინც წავიდა.
ხვიჩა უზომოდ კეთილია და რაც მასში ძალიან მომწონს, ის არის, რომ სხვების სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია. 36 წელია სკოლაში ვასწავლი და დღემდე არ მინახავს მეორე ისეთი ბავშვი, სხვისი ბედნიერების გაზიარება ხვიჩასნაირად რომ შეეძლოს. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის თავგადადებული ბიჭია. ჩვენ უბნელებიც ვართ და ახლა უბანში რომ გაიაროთ, მისი ყველა თანატოლი და მასზე უმცროსებიც გეტყვიან, რომ ხვიჩას ძმაკაცია და არც ერთი არ იტყუება. არ ვიცი როგორ ახერხებს, დღემდე ყველასთან მეგობრობს, აქვს უნარი სიყვარული ყველას გაუზიაროს. თბილისში რომ ჩამოდის, ყველა უნდა ნახოს, მაკა (ხვიჩას დედა) სულ წუხს, ჩვენთვის დრო აღარ რჩებაო. გაგრძელება