
რომში, ვია ფრანჩესკო ვალეზიოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse წერს. ტრაგიკული შემთხვევა 27 წლის ზუგდიდელ ახალგაზრდას, მალხაზ (ბუბა) ეხვაიას უკავშირდება, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თანმხლებმა პირებმა ბინიდან ქუჩაში, კლინიკაში გადასაყვანად გაიყვანეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, ქუჩაში მიატოვეს, თავად მიიმალნენ და გზიდან 112-ში ზარის დროს ადგილმდებარეობა მიუთითეს, სადაც ტროტუარზე დაწვენილი ბიჭი დატოვეს.
“თაიმერმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მომხდარის დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია: სამი ქართველიდან ორმა ვალეზიოზე მდებარე ბინაში, მეორე სართულზე კოკაინისა და ჰეროინის “კოქტეილი” ინტრავენურად მოიხმარა, ხოლო მესამემ, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარდა, ცოტა ხანში შენიშნა, რომ ორივეს ზედოზირების ნიშნები ეტყობოდა.
ორიდან ერთმა, ჯერ დაუდგენელმა ქართველმა ბიჭმა ზედოზირებიდან გამოსვლა მოახერხა, თუმცა მალხაზ ეხვაიას მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. თანმხლებმა პირებმა 112-ში მაშინვე არ დარეკეს და გადაწყვიტეს, ერქვანია ბინიდან ხუთასიოდე მეტრით დაშორებულ კლინიკაში მიეყვანათ და იქ დაეტოვებინათ, რადგან თავად გამოჩენა არ სურდათ. ქუჩაში გაყვანის შემდეგ მალხაზ ეხვაიას მდგომარეობა გაუარესდა, შემდეგ კი საერთოდ გაითიშა. ამის შემდეგ თანმხლებმა პირებმა ის ტროტუარზე დააწვინეს, ადგილს კარგა მანძილით გასცდნენ და 112-ში მხოლოდ ამის შემდეგ დარეკეს. სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე მალევე მივიდა, ექიმებმა ეხვაიას ნალოქსონი (იგივე “ნარკანი”) შეუყვანეს, რამაც მდგომარეობა ოდნავ უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა, რამდენიმე წუთში მალხაზ ეხვაია ისევ შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ეხვაიას თანმხლები ორივე პირი, მათ შორის ერთი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ მან და ერქვანიამ კოკაინისა და ჰეროინის ნარევი ინტრავენურად მოიხმარეს. კითხვის გაგრძელება