"დედამთილებს მივცემდი რჩევას, რომ რძალი ისე მიიღონ, როგორც თავიანთი ქალიშვილი. მე ერთი გოგო მყავს და რძალს მისგან არ ვასხვავებ" - სოციალურ ქსელში პოპულარული რძალ-დედამთილი - bbcnews.ge
საზოგადოება

“დედამთილებს მივცემდი რჩევას, რომ რძალი ისე მიიღონ, როგორც თავიანთი ქალიშვილი. მე ერთი გოგო მყავს და რძალს მისგან არ ვასხვავებ” – სოციალურ ქსელში პოპულარული რძალ-დედამთილი

მარტვილელი რძალ-დედამთილი, ანა ფირცხალავა და ნიალი ხურცილავა სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულები არიან. მათ სახალისო ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. რძალ-დედამთილი გადაცემაში “შუადღე” ერთმანეთის შესახებ საუბრობს:

ანა ფირცხალავა: – ჩემს დედამთილს გაუმართლა, მე რომ ვყავარ. მეც რა მეშველებოდა, ასეთი საყვარელი, მხიარული რომ არ მყოლოდა. მას, პრინციპში, მანამდეც ვიცნობდი, შორიდან. მეუღლე მაჩვენებდა ხოლმე…

ნიალი ხურცილავა: – წინასწარ გაცნობა არ მინდოდა. ჩემს შვილს ვუთხარი: “მოიყვანე, ვნახოთ, თუ მომეწონება, გავაჩეროთ, თუ არა, გავუშვათ-თქო”. (იცინის)

ანა ფირცხალავა: – პირველად რომ ვნახე, გულში ჩამიკრა… თავიდან მისი ვიდეოები ვნახე, ჩემი მეუღლე უღებდა და მულს უგზავნიდა. ძალიან საყვარელი და მხიარული იყო. შორიდან შემიყვარდა. ვფიქრობდი, როცა დავოჯახდებით, ტიკ-ტოკებს გადავიღებ-თქო. იდეები უკვე წინასწარ გვქონდა. მესამე დღეს გარეთ გავიყვანე და ტიკ-ტოკი გადავიღეთ. ძირითადად, მეუღლე გვიღებს. ერთმანეთს ვეხმარებით. თავიდან დედამთილის მერიდებოდა. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მას ეთქვა. არ გვთანხმდებოდა.

ნიალი ხურცილავა: – ზოგჯერ ჩუმად მიღებენ. არ მინდოდა, მაგრამ…

ანა ფირცხალავა: – შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ ასეთ ურთიერთობას კამერის წინ ვაჩვენებთ, მაგრამ სინამდვილეშიც ასეა. ორპირობა არ შემიძლია. ჩემს დედამთილთან სულით და გულით ვარ. მართლა ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

ნიალი ხურცილავა: – მისგან მაკიაჟის გაკეთებას ვსწავლობ. ის ჩემგან ხაჭაპურის დაცხობას სწავლობს.

ანა ფირცხალავა: – ყოველდღე სხვადასხვა კერძს აკეთებს. ძალიან მზრუნველი ადამიანია.

ნიალი ხურცილავა: – დედამთილებს მივცემდი რჩევას, რომ რძალი ისე მიიღონ, როგორც თავიანთი ქალიშვილი. მე ერთი გოგო მყავს და რძალს მისგან არ ვასხვავებ.

ანა ფირცხალავა: – მეც სულ შევეცდები, რომ ვასიამოვნო, ყურადღება მივაქციო და დედასავით მოვექცე.

Back to top button