
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ულამაზესი ვიდეო გავრცელდა – პატარძალი ჟესტურ ენაზე გია ყანჩელის „ყვითელ ფოთლებს“ ასრულებდა. ამ არაჩვეულებრივი გოგონას ვინაობით დავინტერესდით. ის 19 წლის ბარბარე ნარჩემაშვილი აღმოჩნდა. ბარბარეზე საუბარი კი მის დედას, ხათუნა რაზმაძეს ვთხოვეთ.
ქალბატონი ხათუნა 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. ბარბარე მისი მეხუთე შვილია. 30 წელია, დაწყებითი კლასების მასწავლებელია, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია. ასევე არის რამდენიმე წიგნის და არაერთი საგანმანათლებლო, სასწავლო-მხიარული რესურსისა და ბევრი საინტერესო აქტივობის ავტორი. ამბობს, რომ ბავშვებთან მუშაობა მისი კრედოა. ახლა თავის არაჩვეულებრივ გოგონაზე უნდა გვესაუბროს.
– თქვენი გოგონას ჟესტურ ენაზე შესრულებული „ყვითელი ფოთლები“ გასაოცარი სანახავი იყო… ეს ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა… ვიდეო მისი ქორწილიდან იყო…
– ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო დღე იყო. ეს იყო ინტეგრირებული ქორწილი, სადაც ერთად იყვნენ შეკრებილი როგორც ყრუ და სმენის დარღვევის მქონე, ასევე მოლაპარაკე ადამიანები. კი, საინტერესო თავშეყრა გამოვიდა.
ჩემი გოგონა – ბარბარე ნარჩემაშვილი სმენის დარღვევის მქონე, ყრუ, იმპლანტირებულია და ტოტალურად ყურს, რამაზ მასურაშვილს გაჰყვა. ჯვრისწერა ორ ენაზე ჩატარდა – მოძღვარი მოლაპარაკე იყო, მაგრამ ჟესტურ ენაზეც წარმართა ჯვრისწერა. ჩვენი სტუმრებიდან, ვინც ამ ცერემონიას და შემდგომ სუფრას ესწრებოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ასეთი სანახაობრივი ჯვრისწერა ნანახი არ ჰქონდა… შთამბეჭდავი იყო, ყრუ პირები ვიბრაციაზე თუ როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ.