
საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკს მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის მოწმობა აიღოს. პირადობის მოწმობის აღება იქამდეც შესაძლებელია, თუმცა, ეს სავალდებულო არ არის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.
თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს, ახლით ჩანაცვლება არ მოუწევთ და სარგებლობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. ხოლო, ვინც 4 ივნისიდან რაიმე მიზეზით ახალ მოწმობას აიღებს, როგორც აღვნიშნეთ, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან პირადობის არაელექტრონული (ლამინირებული) მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, გაუქმდა. შესაბამისად, თუ თქვენ ჯერ კიდევ ასეთი პირადობის მოწმობები გაქვთ, მის გამოყენებას ვეღარსად შეძლებთ.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, თუ მოქალაქეს კვლავ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობა აქვს და ელექტრონული მოწმობა არასდროს აუღია, შეუძლია, აღნიშნული მოწმობა სრულიად უფასოდ გამოცვალოს. ამისთვის, შეგიძლიათ, მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებს მიმართოთ.
სტანდარტულად, 10 სამუშაო დღეში ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ფოტოსურათის ჩათვლით 65 ლარი ღირს.
- მე-5 სამუშაო დღეს 85 ლარი
- მე-3 სამუშაო დღეს 105 ლარი
- მე-2 სამუშაო დღეს 125 ლარი
- იმავე დღეს 155 ლარი
პირადობისმოწმობისსაფასურისგადახდისაგანთავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
- სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.
აღსანიშნავია, რომ პირადობის მოწმობაზე შეგიძლიათ, სტუდენტის სტატუსი დაიტანოთ და სხვადასხვა სახის ფასდაკლებითა და შეღავათებით ისარგებლოთ როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში. ასევე, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანაც შეიძლება.
ინფორმაცია სტატუსის დატანის ან სხვა პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი