
4 წლის სანდრო ღლონტი ისევ კეთილი ხალხის დახმარების იმედად არის დარჩენილი. სანდრო, ფაქტობრივად, დაბადებიდან იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის. მას იშვიათი დაავადება – ჰირშპრუნგის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, რაც გამოწვეულია ბავშვის მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით.
პატარა ბიჭმა ურთულესი დღეები გამოიარა. 2 წელზე მეტი დასჭირდა ოჯახს, რომ გაეგო დიაგნოზი, თუ რა სჭირდა ბავშვს, თურმე, ექიმებმა თავიდან არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორად მკურნალობდნენ. ამ დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ოჯახმა ხალხის დახმარებით, ბავშვი თურქეთში წაიყვანა და სანდროს იქ ჩაუტარდა არაერთი ოპერაცია. როგორც სანდროს დედა, მარიამ ციცხვაია ამბობს, სანდროს რეაბილიტაციის პროცესი ისევ უმართავი გახდა, ახლა რაც შეიძლება მალე უნდა წაიყვანოს ისევ თურქეთის კლინიკაში, თუმცა ოჯახს ამისთვის საჭირო თანხები არ აქვს და ისევ ხალხის იმედად არიან დარჩენილები.
სანდროს დედა, მარიამ ციცხვაია:
– სანდროს ჯანმრთელობის შესახებ ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, მას აქვს უიშვიათესი და ურთულესი დაავადება – ,,ჰირშპრუნგი”, რომელიც სამწუხაროდ, დაგვიანებით დადგინდა. 2 წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ საქართველოში, საბოლოოდ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბავშვს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა თურქეთის კლინიკაში, თუმცა იმის გამო, რომ ოპერაციები დაგვიანებით გაკეთდა, რეაბილიტაციას ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ის დღესაც ურთულეს რეაბილიტაციის პროცესს გადის, ამას დაემატა ისიც, რომ სანდროს გამოუვლინდა ,,ცელიაკია”, რაც კიდევ უფრო ართულებს ,,ჰირშპრუნგის” მიერ დაზიანებული ნაწლავის რეაბილიტაციას. ძალიან მძიმე დღეები გვიდგას.
ჯერ იყო საქართველოს რამდენიმე კლინიკაში უშედეგოდ სირბილი, მცდარი დიაგნოზები და არასწორი მკურნალობა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ ურთულესი ოპერაცია თურქეთში, კიდევ რამდენიმე მინი-ოპერაცია ისევ თურქეთში, რეაბილიტაცია საშინელი პროცედურებით და წამლებით, შეზღუდვები, აუტანელი ტკივილები.
ახლა ბოლო 2 კვირაა ძალიან გაუჭირდა ბავშვს, ვეღარ გამოვიყვანე მდგომარეობიდან, სულ კონტაქტზე ვარ თურქ ექიმებთან და მათი მითითებებით შევცვალეთ რაღაცები, მაგრამ ვერაფერმა გაჭრა, ტკივილები აქვს ნაოპერაციებ ადგილზე, უკან და მაგის გამო იკავებს… ფაქტობრივად, ეს კვირაა წვეთ-წვეთობით აქვს დეფეკაცია. გამათხელებლები, ოყნები, წამლის დოზები გავზარდეთ, მაგრამ აშკარად სხვა რაღაცაშია საქმე, ნაოპერაციებ ადგილზე შესივებული აქვს და ძალიან სტკივა, გამაყუჩებლებით გვყავს ამდენი ხანია.
ვხვდები, ასე დისტანციურად უკვე ვეღარაფერს ვიზამთ, ექიმმაც ეს მითხრა ჩამოიყვანეთო, კლინიკის პირობებში უნდა ჩაუტარდეს პროცედურებიო. ანუ, ამ ეტაპზე უნდა გაუკეთდეს კოლონოსკოპია, ბიოფსია, ანალიზები და ანუსზე გასინჯვაც. იმედია, იმ პატარა ოპერაციას გადავრჩებით. პირველადი კვლევებისთვის 3 830 დოლარია საჭირო, მაგრამ ამ კვლევების ფონზე ჩაინიშნება პროცედურები ან მინი-ოპერაცია, რისი ხარჯებიც ჯერ არ ვიცი.
ისევ მჭირდება თქვენი დახმარება, კეთილო ადამიანებო. ძალიან მიმძიმს ისევ თხოვნა რომ მიწევს, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის ვიბრძვი. ბევრი ადამიანი იმასაც მეკითხება, რატომ გაგრძელდა სანდროს რეაბილიტაცია ასე დიდხანს, იქნებ არასწორად გაუკეთდა ეს ოპერაცია თურქეთში, იქნებ სხვასთან წაიყვანოო და ასე შემდეგ. ერთი წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი სანდროს თურქი ექიმების პროფესიონალიზმში და სისწორეში. ამ ექიმებმა კიდევ რამხელა რაღაცებს გადაგვარჩინეს. აქ ერთადერთი და მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2 წელი არასწორი დიაგნოზით დავრბოდით ქართველ ექიმებში და ყოველი მათგანი ერთმანეთის მიერ დასმული არასწორი დიაგნოზით ხელმძღვანელობდა და როცა რამდენიმე ექიმი ერთი და იმავეს გეუბნება, შენც უჯერებ, სამწუხაროდ.
მართლა ძალიან რთული ორსულობა მქონდა და 32 კვირაზე მოუწიათ საკეისრო კვეთით ბავშვის ამოყვანა. ღუდუშაურის კლინიკაში თვე-ნახევარი ინკუბატორში იყო ჩემი პატარა… როგორც თურქი ექიმისგან შევიტყვე და შემდეგ ინტერნეტშიც მოვიძიე ინფორმაციები, ამ დიაგნოზის დადგენა, რაც სანდროს აქვს, პირველ 48 საათში ხდება. ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს. 2 წელი სულ სხვა რამეს მკურნალობდნენ ბავშვს. სხვადასხვა დიაგნოზი გვითხრეს და მერე გაირკვა, რომ ბავშვს არასათანადო მედიკამენტებს აძლევდნენ. არადა, ექვს სხვადასხვა კლინიკაში მივიყვანე, ირკვევა, რომ ეს მკურნალობა არანაირ კავშირში არ იყო მის დაავადებასთან. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა იმდენად გააუარესა სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღესაც კი, ამდენს წვალობს გამოსაჯანმრთელებლად. თვითონ თურქმა ექიმებმაც თქვეს, ასე გვიან მსგავსი ოპერაცია ჯერ არ გაკეთებულაო, სანდრო იყო პირველი, ვისაც 2+ წლის ასაკში მოუწია ამ ოპერაციის გაკეთება, შესაბამისად, ასეთი ხანგრძლივი და რთულია მისი რეაბილიტაცია.
დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ ბევრ სხვა პრობლემას მისცა პროვოცირება, ყველაფერთან ერთად ბრძოლა კი ძალიან რთულია, მით უმეტეს, ერთი მეორის რეაბილიტაციას ხელს უშლის.
ვიცი, ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დროულად წაყვანა სტამბოლის კლინიკაში, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ სანდროს ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანას. მართლა ძალიან მერიდება, მაგრამ ისევ ხალხის დახმარების იმედად ვარ დარჩენილი. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემს გულიან ქართველებს მივმართო დახმარებისთვის, ძალიან გთხოვთ ყველას, გულთან მიიტანეთ ჩემი შვილის მდგომარეობა და დაგვეხმარეთ, სულ ცოტა დაგვრჩა ამ უმძიმესი დღეების დასრულებამდე და ჩემი შვილის სრულად გამოჯანმრთელებამდე.
კეთილო ადამიანებო, ნუ დამტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო, ისევ თქვენი დახმარების იმედი მაქვს… იმდენი ვალი მაქვს აღებული, რომ ანგარიშის ნომერსაც ვერ ვუთითებ. ამიტომ, ჩემი დის ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა. ჩვენთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
მადლობა თანადგომისთვის!
მიმღები – ბავშვის დეიდა, ნატო ციცხვაია:
GE82TB7222745064300039 – თიბისი ბანკი
GE45BG0000000499299255 – საქართველოს ბანკი
ავტორი: თეა ხურცილავა