
მომღერალ გიორგი ჭოხონელიძესა და მის მეორე ნახევარს, ანეტა ნიკურაძეს თებერვალში მეორე შვილი შეეძინათ. ქალიშვილს ნინა დაარქვეს, წყვილის უფროს ვაჟს კი ლუკა ჰქვია, ბიძის პატივსაცემად. ნატო გელაშვილის ოჯახში ახლა დიდი ბედნიერება სუფევს, გიორგი და ანეტა მშობლების დახმარებით შვილების მოვლას უმკლავდებიან, თუმცა ანეტა აღიარებს, რომ მეორე შვილის შეძენის შემდეგ არცთუ ადვილი პერიოდია, ვინაიდან თავად მუშაობს კიდეც…
ანეტა, ინტერვიუზე შეთანხმება ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ძალიან დაკავებული ხართ უკვე ორი შვილის მოვლით…
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ორი შვილი და პარალელურად, სამსახური… სამსახურს ვერ და არ დავანებებ თავს, იმიტომ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობები მაქვს.
ქალიშვილი როდის შეგეძინათ?
მეორე შვილი შეგვეძინა, 11 თებერვალს…
ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ცოტა დროა გასული და უკვე სამსახურში ხართ… ძალიან ენერგიული ადამიანი ყოფილხართ…
მეტსაც გეტყვით. ნამშობიარევი, იმავე დღეს, სამსახურის საკითხებს ვაგვარებდი ონლაინ (იღიმის). მადლობა უფალს, მშობიარობამ ძალიან კარგად ჩაიარა, ვიყავი მხნედ და შევძელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. მე ვმუშაობ Steinway & Sons-ში. ჩემი ოჯახი ფლობს ამ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას, მე კი გახლავართ კომპანიის დირექტორი. რთული არ ყოფილა, რადგან როცა ოჯახურ ბიზნესში ხარ, გაგებით ეკიდებიან და ითვალისწინებენ ყველა დეტალს. უბრალოდ, მე თავად ვარ ასეთი ენერგიული ადამიანი, არ შემიძლია, სახლში დავჯდე და ერთი საქმე ვაკეთო. მუდმივად უნდა ვიყო მოძრაობაში და რაღაცასთან შეხებაში. თავად ვიყავი იმის მომხრე, რომ სამსახურს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი.