მობილური კომუნიკაცია შეფერხებულია და ბანკომატები არ მუშაობს - ევროპის 4 ქვეყანაში ელექტროენერგია მოულოდნელად გაითიშა - bbcnews.ge
მსოფლიო

მობილური კომუნიკაცია შეფერხებულია და ბანკომატები არ მუშაობს – ევროპის 4 ქვეყანაში ელექტროენერგია მოულოდნელად გაითიშა

28 აპრილს 4 ევროპულ ქვეყანაში – პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველაზე მეტად პორტუგალია და ესპანეთი დაზარალდნენ.

Publico-ს ცნობით, ლისაბონში მეტრო გაჩერდა, მგზავრები ვაგონებში გაიჭედნენ და მეტრო გაჩერდა პორტოშიც. ბევრ ქალაქში შუქნიშნები გამორთულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილური კომუნიკაცია შეფერხებულია და ბანკომატები არ მუშაობს. ლისაბონის, პორტოსა და ფაროს აეროპორტები სარეზერვო გენერატორების გამოყენებაზე გადავიდნენ.

El Mundo-ს ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთშიც მოხდა. მადრიდში ბარახასის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა, ხოლო ბარსელონასა და მადრიდში მეტრო გაჩერდა. ესპანეთში ასევე გამოირთო შუქნიშნები, მობილური კავშირგაბმულობა და გადახდის ტერმინალები.

ესპანეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია Renfe-ს ცნობით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.

ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა საფრანგეთსა და გერმანიაში. ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია ანდორაშიც ვრცელდება, იუწყება Euronews.

დაზარალებული ქვეყნების ხელისუფლებამ და ენერგომომწოდებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ელექტროენერგიის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.

Publico-ს ცნობით, საფრანგეთში შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. პორტუგალიური და ესპანური ენერგეტიკული კომპანიები ასევე თანდათანობით უმკლავდებიან მომხდარის შედეგებს და აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. პორტუგალიის კაბინეტის მინისტრმა კასტრო ალმეიდამ RTP3 ტელევიზიით გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა კიბერშეტევით გამოწვეული ყოფილიყო, წერს Publico, თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამავდროულად, Euronews იუწყება, რომ პორტუგალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია REN-მა განაცხადა, რომ ავარიის ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც მაღალი ძაბვის ხაზები დააზიანა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ლუის მონტენეგროს განცხადებით, არ არსებობს არანაირი მინიშნება იმისა, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა კიბერთავდასხმით იყო გამოწვეული.

ამასობაში, პორტუგალიის ქსელის ოპერატორმა რენმა Sky News-ს განუცხადა, რომ გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებული გაუმართაობით, რომელიც “იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს” უკავშირდება. ესპანეთში ტემპერატურის ექსტრემალურმა ცვლილებებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებში “ანომალიური რყევები” გამოიწვია. კომპანიის თქმით, “გამოწვეულმა ატმოსფერულმა ვარიაციამ” სისტემებს შორის სინქრონიზაციის პრობლემები გამოიწვია და ევროპის ქსელში შეფერხებები გამოიწვია. მისი პროგნოზით, ქსელის სრულად აღდგენას შესაძლოა ერთ კვირამდე დასჭირდეს.

Back to top button