
ბარიშ კილიჩი პოპულარული თურქულ იმელოდრამებით გახდა. მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში კი განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ეკრანებზე სერიალი “შერბეთი” გამოვიდა…
ბავშვობა და ახალგაზრდობა
ბარიშ კილიჩი 1978 წლის 21 თებერვალს მალათიის პროვინციის ქალაქ არგუვანში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. ბიჭი ხუთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდნენ. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მომავალმა ვარსკვლავმა თურქეთის უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლება მიიღო.
განათლების მიღების შემდეგ, კილიჩი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი სტამბოლის იედითეფეს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა, პარალელურად დაინტერესდა კინოთი. მალე მომავალი მსახიობი რეკლამაში გადაიღეს. იმდენად მოეწონა კამერასთან მუშაობა, რომ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა დაეწყო.
კინო კარიერა
ბარიში კინოში პირველად 26 წლის ასაკში გადაიღეს. ეს იყო სატელევიზიო დრამა “ჩემი შვილები”, სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა. მალე მის ფილმოგრაფია რამდენიმე სერიალით შეივსო, თუმცა წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო, ეპიზოდურ როლებში მსახიობი თაყვანისმცემლებმა ვერ შეამჩნიეს.
კილიჩის კარიერაში გარდამტეხი მომენტი 2011 წელს დადგა, როდესაც სერიალში “მე მას ფერიჰა ვუწოდე” გადაიღეს. მასთან ერთად მონაწილეობდნენ მეთინ ჩეკმეზი, ჩაღათაი ულუსოი, დენიზ უღური, ვაჰიდე პერჩინი. მსახიობი 58 ეპიზოდში გამოჩნდა და აქედან დაიწყო მისი წარმატება სერიალების სამყაროში. მისით ცნობილი თურქი რეჟისორები დაინტერესდნენ და მალე ბარიშზე ნადირობა გამოცხადდა.