
იცანით ალბათ, – ეს ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონია”, გიჟი მარგოს დასაფლავება. ეს ამონარიდი მაინცდამაინც დასასევდიანებლად არ გამხსენებია – ისედაც იშვიათად ვართ მხიარულები, მინდა ის თბილისი გავიხსენო, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, სადაც სითბო და ასეთი ურთიერთობები იყო. რატომ? ბევრს ენატრება ის თბილისი. ხანდახან მგონია, რომ ბუშტებს დავემსგავსეთ, ქუჩაში ერთმანეთს ქარისაგან წაღებულები რომ ჩავუქროლებთ ხოლმე, შინმისულები კი იმდღევანდელ პრობლემებზე დარდით ვკვდებით.
აი, ახლაც, მივდივარ ვორონცოვზე და იქაურობას ვერ ვცნობ. აქ, ქვაფენილზე ოდესღაც ტრამვაი დახრიგინობდა, რომელსაც ვორონცოველი კიკა დაჰყვებოდა ხოლმე, მუდამ მხიარული და სინამდვილეში მუდამ რაღაცნაირად სევდიანი. ავიდოდა ხან ტრამვაის ვაგონში, ხანაც ტროლეიბუსში, იღიმებოდა თავისი ვიწრო თვალებით და შესძახებდა, – ცოლი მინდა, ცოლიო. მგზავრებიც მხიარულად აჰყვებოდნენ, – მოგიყვანთ, კიკა, ცოლს, მოგიყვანთ, ოღონდ შენ ხელი დაადე და აგერ არა ვართ, მოგიყვანთო. მერე რომელიმე დაუძახებდა, გვერდით მოისვამდა და ასე ჩავიდოდა ტროლეიბუსი “დინამომდე”. იქიდან კი უკანვე წამოჰყვებოდა კვლავ რომელიმე მგზავრთან ჩახუტებული. ახლა მდუმარეა ვორონცოვი, აღარც ტრამვაია, აღარც ტროლეიბუსი… ადამიანები თავიანთ სევდაში შეყუჟულან და ქუჩაში იშვიათად ჩნდებიან. მეც ასე სევდაში შეყუჟული მივდივარ ვორონცოვზე, სადაც წლების წინ, ბავშვობიდან ვცხოვრობდი… ვიღაც ხელს მტაცებს! შავწვერა კაცი ჩამბღაუჭებია და მხიარულად მიღიმის, სულ რამდენიმე მეტრში წამოწყებულ მშენებლობისკენ მახედებს, საიდანაც ნამტვრევები ცვივა. ნამდვილად გადამარჩინა ამ კაცმა. კაცი ხელს მიწვდის, – ტელმანა გახლავართ, გრიგორიანი, სომეხი აკადემიკოსი!
აკადემიკოსიო! რაღაც არ ეტყობა, მაგრამ ისე სანდომიანად მიღიმის, გასაუბრება მინდება. რატომღაც კიკა გამახსენდა, – მგონი, ისიც აქ, სადღაც ახლოს ცხოვრობდა-მეთქი! კიკაო?! უხარია ტელმანას, – შენ არ იცი, ბოლოს ცოლი მართლა მოიყვანა და შვილებიც ჰყავდაო! აბა, რას ამბობთ-მეთქი! და უცებ ქოქოლას მაყრის – არა გჯერა, ნუ გჯერა, წადი, რა, გაიარეო! ამასობაში ქუჩაში ვიღაცები ჩნდებიან და ჩემს ტელმანას უჯავრდებიან, – რა გინდა, ბიჭო, ამ ქალს რაზე ეჩხუბებიო. მერე კი მიხსნიან, – ჩვენი ტელმანა აგრესიული არ არის, დგას ქუჩაში და გაიძახის, აკადემიკოსი ვარო! ჩვენი მტერი იყოს ასეთი აკადემიკოსი, ან დუშმანი დაცოლშვილდეს ისე, როგორც კიკა დაცოლშვილდაო… განაგრძეთ კითხვა