
23 მარტს, “დინამო არენაზე” საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების თამაშს ვინც ადევნებდით თვალს, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ პატარა ბიჭი, რომელიც მატჩის დაწყებამდე გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძესთან ერთად გავიდა მოედანზე და ჰიმნი შეასრულა. როგორც ეთერისას ჩანდა, ბიჭუნას სციოდა და ჟორჟმა თავისი ქურთუკი ჩააცვა…
11 წლის გიორგი ძიგავა თბილის ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და უმცროსი და, რომელიც იმ დღეს სტადიონზე მდგომ ძმას, დედასთან ერთად კულისებში ელოდა. მაკა ფასუაშვილი გიოს დედაა. ინტერვიუში ჰყვებოდა, თუ როგორ გააბედნიერა 11 წლის თბილისელი ბიჭი ცნობილ ფეხბურთელთან შეხვედრამ.
– გიორგი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. დადის ფეხბურთზე, დამოუკიდებელი საფეხბურთო გუნდია, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ქვეშ “ააიპ ვორიოსი“. ჩვენი ტრენერია გიორგი ციხისელი. გიო თავიდან ბურთით არ ინტერესდებოდა და მესამე წელია გიორგი მასწავლებელმა შეაყვარა ბურთი და ფეხბურთი.
გიოს პირველი გასვლა “დინამოს” სტადიონზე შარშან ჰქონდა, როდესაც თბილისის “დინამო” თელავს ეთამაშებოდა, იქაც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე დიდი გამოწვევა იყო. გიო მაღალფუნქციური, მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვია, ცოტა ქცევითი სირთულე აქვს. მისთვის ეს გამოცდა იყო ძალიან ემოციური. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უხარია, სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც ახასიათებს, დიდ სიხარულს გამოხატავს.
- ამჯერად Palitravideo-მ 11 წლის გიორგისთან ჩაწერა ინტერვიუ. მოზარდი ამბობს, რომ უყვარს საქართველოს ნაკრები და განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძე.
“მე მიყვარს მიქაუტაძე და საქართველოს ნაკრები. ჩემი მიქაუტაძეა. როცა სტადიონზე გავედით, “ჟორჟომა” მითხრა, გიო ხომ არ გცივა? მე ვარ ვარსკვლავი, პოპულარული ბიჭი, ქუჩაში რომ გავდივარ, მიქაუტაძის ბიჭს მეძახიან” – ამბობს გიორგი.