ჩემი და ლევანის სიყვარულმა, არც ფერი იცვალა და არც გახუნდა...ერთმანეთს ვეჯიბრებით, მე უფრო მიყვარხარ, არა მეო - bbcnews.ge
საზოგადოება

ჩემი და ლევანის სიყვარულმა, არც ფერი იცვალა და არც გახუნდა…ერთმანეთს ვეჯიბრებით, მე უფრო მიყვარხარ, არა მეო

2025 წლის 25 იანვარს ხუთი წელი გახდა, რაც ირინა ტორონჯაძემ და მისმა რჩეულმა, საყვარელმა მამაკაცმა, ლევან სამყურაშვილმა იქორწინეს, ჯვარი დაიწერეს და ქორწილი გადაიხადეს. იმ დღის შემდეგ წყვილის ცხოვრებაში უამრავი ბედნიერი წამი, წუთი და საათი იყო, წინ კი კიდევ ბევრი საინტერესო და ბედნიერი დღე ელით. ჟურნალი „თბილისელები“ კიდევ ერთხელ ულოცავს წყვილს თანაცხოვრების ხუთი წლის იუბილეს და დიდხანს სიყვარულში, ბედნიერებასა და იდილიაში ცხოვრებას უსურვებს.

ირინა ტორონჯაძე: ხუთწელიწად-ნახევარია, რაც მე და ლევანი ერთად ვცხოვრობთ. სანამ ვიქორწინებდით, ექვსი თვე ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ გადავწყვიტეთ ოფიციალური ქორწინება, ხელის მოწერა და ჯვრისწერა. ზუსტად მახსოვს ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დღე; ის ზაფხული, როცა თანაცხოვრება დავიწყეთ; ის დღე, როცა ჯვარი დავიწერეთ… ანუ, ჩემთვის ყველა მომენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ესენი ერთგვარი ეტაპები იყო ჩვენს სიყვარულში. ჩემი იმიჯის გამო, რაც მორგებული მქონდა და ჩემთვის სარწმუნო იყო, ფემინისტობას ვგულისხმობ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე ადვილად შევეგუებოდი კაცთან თანაცხოვრებას. ზოგადად, ადამიანს გგონია, შენს თავს იცნობ, მაგრამ ურთიერთობაში უკვე მართლა იწყებ შენი ემოციური საჭიროებების, შენი თავის თავისებურებების შეცნობას, უკეთ ხედავ შენს სისუსტეებს, ძლიერ მხარეს. მე, ასეთი გამოცდილება არ მქონდა. რასაკვირველია, 37 წლის ასაკში გავთხოვდი და მანამდე მქონდა გამოცდილება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის, მაგრამ ჩემი ფემინისტური ქალის იმიჯის ყველა კაცს ეშინოდა. კიდევ ვამბობ, თავად ვიყავი საკუთარი თავის მიმართ ასე განწყობილი – ჩემს ხასიათს ვინ შეეგუება-მეთქი. ლევანთან რომ დავიწყე თანაცხოვრება, მერე დავინახე, რომ ეს არის რეალობა და ეს ადამიანი კი არ შემეგუა, პირიქით, განცდა გამიჩინა, რომ არაფერი შესაგუებელი არ მჭირს. ყველა ჩემი თვისება, რაც მეგონა, ძნელი ასატანია, პირიქით, ასი პროცენტით მიიღო და ეს გახდა ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ მე ნამდვილად მინდა ამ ადამიანთან ცხოვრება, ურთიერთობის გაოფიციალურება. სხვათა შორის, ჩვენი გაცნობა ლევანის ინიციატივა იყო. დამიკავშირდა, თვალს მადევნებდა, შევხვდით, ასე ვთქვათ, ლევანი უფრო ინიცირებდა. ამიტომ, მისი მხრიდან გარკვეული იყო, რომ მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობა უნდოდა. წელიწად-ნახევარი, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, იყო გაცნობა-შეცნობის პერიოდი, დისტანციური მოწონება, უფრო მეტად ფლირტი და რომანტიზირებული თამაში. მერე კი დავიწყეთ თანაცხოვრება და როცა ვნახე, ის ჩემს ხასიათს იღებს, როგორც მოცემულობას და თან, არ ღიზიანდება, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩემია.

 შენს ხასიათში რას გულისხმობ?

– ჯიუტი ვარ, შემიძლია, ყველაფერზე ვიკამათო, ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს, სიზუსტე მიყვარს, ჩარჩოები მაქვს და ცოტა თუ რამე ისე ვერ არის, ნერვები მეშლება. ლევანს კი ამ ჩემს ხასიათზე ასპროცენტიანი მიმღებლობა ჰქონდა. სხვათა შორის, პირველ წელს, სულ ვკამათობდი, ჩემს საზღვრებს ვავლებდი, რაღაცას ვამტკიცებდი და მერე მივხვდი, რომ არავინ მეჭიდავებოდა, ნელ-ნელა დავიწყე ჩემი თავის დამკვიდრება და გაზრდა და დავწყნარდი. ეს მომენტები იყო, რამაც, სწორედაც რომ, საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ურთიერთობას. მე რომ ვაფასებ, ვთვლი, რომ ლევანი ემოციურად უფრო მოწიფული იყო და არის, ვიდრე მე. თუმცა, ამ ურთიერთობაში მე საკმაოდ გავიზარდე და ბავშვური კინკლაობების მუღამი აღარ მაქვს, რომ რაღაც ვამტკიცო.

კითხვის გაგრძელება

Back to top button