
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აქტივისტმა ჯაფარ ილმაზიმ, იგივე თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, კლინიკა “ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მისი მხრიდან ნადირაძის ლანძღვა-გინებას ჰქონდა ადგილი.
- როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, მან კი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ნადირაძეს. მისივე თქმით, ადგილზე მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სხდომაზე დაკითხავენ.
თავის მხრივ, ქათამაძემ განმარტა, რომ ის კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს, კერძოდ “48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ძვლები სტკიოდა და დიდი ხნით ჯდომა არ შეეძლო, პალატაში კი ისეთი მატრასი მიუტანეს, საიდანაც ზურგში მავთულები ერჭობოდა“.
ქათამაძემ მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესზე ასეთი განცხადება გააკეთა:
“არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო – მე, უბრალოდ, “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე… ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, – განაცხადა ქათამაძემ.
სხდომის დაწყებისთანავე ქათამაძემ შუამდგომლობა დააყენა. მან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა, რომელიც ინციდენტის შემსწრეა. ასევე, ქათამაძემ საქმეზე საკვები რაციონის ნივთმტკიცებად დართვა და მისთვის ფოტოების გადაღება მოითხოვა, ვინაიდან მისთვის, “როგორც მოშიმშილე პირისთვის საკვების შემადგენლობას მნიშვნელობა ჰქონდა“. ქათამაძის თქმით, მას “მარილიანი, ძმრიანი, კარაქიანი საჭმელი აჭამეს“. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.
კითხვის გაგრძელება