
“ახლა პროფესიული აღმაფრენისა და წარმატების პერიოდი მაქვს, ეს დიდწილად ამ ადამიანის დამსახურებაა”, – ამბობს მომღერალი მარიამ შენგელია. ვინ არის ის ადამიანი, რომელი სიმღერის გამო მიიღო ძალიან ბევრი კომპლიმენტი, რა ენატრება ყველაზე მეტად, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
– დაბადების თარიღი…
– …2002 წლის 14 მაისი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …მსახიობი. პატარა ასაკიდან ძალიან მიყვარდა თამაშები, ყველას მე ვათამაშებდი და სულ მსახიობობაზე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შემეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა მეფიქრა.
– ჩემზე ამბობენ…
– …”სტერვააო”, ოღონდ – სანამ გამიცნობენ.
– ის ადამიანები, რომლებიც გიცნობენ, ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხაზგასმას?
– პოზიტიურ ხასიათზე, სითბოზე.
– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…
– …ზუსტად იმავე გზას გავივლიდი, რა გზაც აქამდე გამოვიარე, არაფერს შევცვლიდი.
– ჩემი პირველი წარმატება…
– …14 წლის ასაკში იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე “X ფაქტორი”) გავედი. სასწაული წუთები იყო, ძალიან ვინერვიულე, ლამის გადავიფიქრე კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავედი, მივხვდი, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი და ნერვიულობაც მომენტალურად მომეხსნა.
– ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის…
– …ოჯახს.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …გარშემო ისეთი ადამიანები მყავს, ნებისმიერ დროს რომ მაქვს მათი იმედი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემ გვერდით სწორი ადამიანები არიან, განსაკუთრებით ბოლო დროს.
– ჩემი სავიზიტო ბარათია…
– …თვალები და მეგრული გენი.
– ყოველთვის მაქვს სურვილი…
– …ვიმღერო და სცენაზე ვიდგე; ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…
– …როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყო, როგორი რთული პერიოდიც უნდა მქონდეს, გარეთ რომ გავალ, სხვას ამას არასდროს ვაჩვენებ. ამ დროს თამაში შემიძლია, ვერავინ ვერაფერს შემატყობს.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო…
– …არაპუნქტუალური ვარ, ეს უნებურად გამომდის. ბოლო დროს ვცდილობ, ამ მხრივ გამოვსწორდე, სხვისი დროის დაფასება ყველამ უნდა ვიცოდეთ.
– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…
– …ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარ, სხვის შეცდომებზეც მაქვს ნასწავლი. ახლობლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, არაერთხელ გამომიყენებია. ვისწავლე, რომ ნაკლებ ადამიანს უნდა ვენდო. აქამდე მეგონა, ყველა ჩემიანი იყო, ყველას გულწრფელად ახარებდა ჩემი წარმატება, თურმე ზოგიერთ შემთხვევაში, ასე სულაც არ ყოფილა.
– როცა მომავალზე ვფიქრობ…
– …დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვიქნები სცენაზე, დანარჩენი ბედის ამბავია.
– ვიბნევი…
– …ძალიან, ძალიან იშვიათად. სცენაზე არასდროს დავბნეულვარ.
– ვნანობ…
– …არაფერს.
– ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო…
– …შინ. კვირა დღეა, ცუდი ამინდია, წვიმს და მე რეპეტიციაზე ვარ.
– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…
– …ბევრ რამეს. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.
– ყველაზე მძაფრი რეაქცია რაზე გაქვს?
– ტყუილზე.
– მეზარება…
– …ადრე გაღვიძება, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, ადრე გავიღვიძო.
– სიყვარული ეს…
– …ყველაფერია. ეს არის გრძნობა, რომელიც უდიდეს მოტივაციას მმატებს, ყველაფერს გაცილებით უკეთესად მაკეთებინებს.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …ბაღში ვიყავი, იმ ბიჭთან ერთად ვცეკვავდი და მასთან ცეკვის ძალიან მერიდებოდა.
– ახლა შეყვარებული….
– …ვარ.
– ვინ არის შენი რჩეული?
– სახელს და გვარს ჯერ არ ვამბობ. გეტყვი, რომ სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით, ეს მეგობრების წრეში მოხდა, სრულიად დაუგეგმავად და დღეს ძალიან კარგად ვართ.