„ცოლს შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო …“ – დაკავებულია კრიმინალური პოლიციის დეტექტივი – bbcnews.ge
კრიმინალი

„ცოლს შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო …“ – დაკავებულია კრიმინალური პოლიციის დეტექტივი

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავეს.

პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button