საქართველოში გაიქცა და ახალი ოჯახი შექმნა – ცოლის მკვლელობის გამო კაცი 23 წლის შემდეგ დააკავეს – bbcnews.ge
ისტორიები

საქართველოში გაიქცა და ახალი ოჯახი შექმნა – ცოლის მკვლელობის გამო კაცი 23 წლის შემდეგ დააკავეს

როსტოვის ოლქში 2002 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა. მაშინ ერთ-ერთ სოფელში სოციალური მუშაკი მოკლეს. ქალი 47 წლის იყო. გამოძიებას ეჭვმიტანილი თითქმის მაშინვე ჰყავდა, მაგრამ მისი დაჭერა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეძლეს.

მოკლული ქალის ახლობლების თქმით, 90-იან წლებში ირინამ მეორედ გათხოვება გადაწყვიტა. გიორგი გახდა მისი რჩეული. მამაკაცი ქალზე ექვსი წლით უმცროსი იყო და ფეთქებადი ტემპერამენტით გამოირჩეოდა. ოჯახში მუდმივად კონფლიქტები იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ირინამ არ მიატოვა ქმარი და გადაწყვიტა დედა მესამედ გამხდარიყო. მას უკვე ჰყავდა შვილები პირველი ქორწინებიდან.

მაგრამ შვილის დაბადებამ გიორგიზე არ იმოქმედა: ის აგრძელებდა ოჯახში დებოშს და ცოლზე ფიზიკურ ძალადობას.

90-იანი წლების ბოლოს ირინამ საბოლოოდ განქორწინება გადაწყვიტა. საცხოვრებლის შეცვლით, ქალს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ცხოვრებას ნულიდან დაიწყებდა. მან იქ იშოვა სამსახური, სოციალური მუშაკად მოეწყო და ეხმარებოდა მოხუცებს სამეურნეო საქმეებში.

ამ დროისთვის უფროსი ვაჟი უკვე გაიზარდა და ჯარში გაიწვიეს. როცა ეგონა, რომ ცხოვრება ასე თუ ისე აეწყო, ამ დროს გიორგი ჰორიზონტზე ისევ გამოჩნდა. ყოფილმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა ურთიერთობის აღსადგენად.

ისევ ერთად დაიწყეს ცხოვრება, ხელახლა დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. მაგრამ გაყრამ გიორგი ვერ გამოასწორა.

2002 წლის იანვარში სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ ნახა, რომ ირინას სტუმარი ჰყავდა. კაცმა გადაწყვიტა, რომ საყვარელი იყო, თუმცა ამჯერად სკანდალი არ აუტეხია.

ორიოდე თვის შემდეგ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა  ირინას ღალატში დაადანაშაულა, სცემა და სახლიდან გავიდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი სახლში დაბრუნდა. ცოლი საწოლზე იწვა და სუნთქვა უჭირდა. მაგრამ კაცმა სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად სწრაფად მოაგროვა თავისი ნივთები, კარი მიაჯახუნა და სახლიდან გავიდა. ის აღარც გამოჩენილა იმ სოფელში.

უბედური ქალის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა აღმოაჩინა. გიორგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც გაირკვა, გიორგი საქართველოში გაიქცა და იქ ხელმეორედ დაქორწინდა.

2024 წლის დეკემბერში, დანაშაულის ჩადენიდან 23 წლის შემდეგ, მამაკაცი რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს და დაკითხეს.

ორლოვსკის რაიონულმა პროკურატურამ 69 წლის მამაკაცის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე – იტყობინება როსტოვის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური.

თუ მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Back to top button