
2011 წლის 17 ნოემბერს სამსახურში უეცრად ცუდად გახდა, უჰაერობა დაეწყო, სუნთქვა უჭირდა, თანამშრომელმა კლინიკაში წაიყვანა, სადაც რენტგენი გადაუღეს. ექიმი გაფითრებული სახით გამოვიდა, უმძიმესი მდგომარეობა იყო. 28 წლის გიორგი სარქისოვს უთხრეს, რომ მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი… გული უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დეპრესიაში ჩავარდა და ფაქტობრივად სიკვდილისთვის ემზადებოდა…
2 წლის შემდეგ დაუჯერებელი რამ მოხდა, 2013 წელს მას გული გადაუნერგეს. გიორგი სარქისოვი საქართველოში პირველი გულგადანერგილი პაციენტია.
გიორგი სარქისოვი:
– იმ დღეს სამსახურის რამდენიმე კიბეზეც ვერ ავედი… კლინიკაში რენტგენის გადაღების შემდეგ ექიმმა ჩემს თანამშრომელ ქალბატონს ჰკითხა, – პაციენტი თქვენი ვინ არის? თანამშრომელი – უპასუხა მან. ექიმმა რენტგენის პასუხი გადასცა და დასძინა – მის მშობლებსაც გააგებინეთ… ფილტვები სითხით იყო სავსე და კარდიოლოგიურ კლინიკას სასწრაფოდ მიაკითხეთო. იქიდან წამოსული ცუდად გავხდი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ღამე დავწექი, დავიძინე. დილით ბებიამ გამაღვიძა – როგორ ხარ? ღამე იხრჩობოდიო…
– მანამდე რაიმეს უჩიოდით?
– 28 წლამდე არაფერს შევუწუხებივარ. სიცხეც იშვიათად მქონია და არც ექიმთან ვყოფილვარ… თუმცა, სანამ რენტგენის კაბინეტში მოვხდებოდი, ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობას ვუჩიოდი… ბებიაჩემის ნათქვამის შემდეგ დილით მართლა მძიმედ ვგრძნობდი თავს, ვეღარ ვსუნთქავდი. სასწრაფო გამოვიძახეთ, კლინიკაში გადამიყვანეს. ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხის გამო, შეშუპება იყო – სითხე პლევრაშიც მქონდა და ამოიღეს. იყო ასევე ფილტვების ანთება… სითხის ამოღების შემდეგ ამოვისუნთქე და თავი კარგად ვიგრძენი, თუმცა იმ კლინიკაში 10 დღე გავატარე, მერე კი გამოვეწერე… ერთადერთი, რაც იქ მითხრეს, ეს პრობლემა სავარაუდოდ გლანდებისგან და პოლიპებისგან მოდისო…
გულის შესახებ არაფერი უთქვამთ. სისუსტემ ისევ შემახსენა თავი. მერე მეგობარმა დამიყოლია და „ჯოენის“ კლინიკაში წამიყვანა. იქ რეანიმატოლოგი ჩვენი მეგობარი, გიორგი ახობაძე მუშაობდა, რომელმაც ექოსკოპია გამიკეთა და ჩემს მეგობარს უთხრა, – აქედან არ წაიყვანოო. დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია იყო. მაშინ ამ დაავადების შესახებ, არაფერი ვიცოდი. კლინიკაში დამტოვეს, კვლევა, მკურნალობა დამიწყეს. ყველა პროცედურა რომ გამიკეთეს, რაღაც პერიოდის შემდეგ ბლოკში, სადაც მარტო ვიყავი, შემოვიდა პროფესორი ლევან ყურაშვილი. შენ გჭირდება ახალი გული, 2 წელი შეგინახავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, – მითხრა. პატარა ბიჭი არ ხარ, რომ ვერ გაიგო, რას გეუბნები, მთავარია, არ შეგეშინდეს… ისეთი დაავადება გაქვს, შენს გულს შანსი აღარ აქვსო… შოკში და დეპრესიაში ჩავვარდი. გულის გადანერგვის ოპერაცია ტელევიზორში, კინოში თუ მქონდა ნანახი და ისიც ზღაპარი მეგონა… ჩემი დეპრესია თვე-ნახევარი გაგრძელდა… კითხვის გაგრძელება