კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ.
ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ.
“ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან ყოფილა დევნილი და სახელმწიფო უწყებებისგან ითხოვდა ამდენი წლის განმავლობაში დახმარებას, კუთვნილი ბინის მიღება სურდა, რადგან ოჯახი წლებია უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ნაძალადევის რაიონში, ყოფილი გამგეობის შენობაში 18 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა ზამირი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ამას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა, ფეხზე ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ მთავრდებოდა მისი ვიზიტი უწყებებში. აწერინებდნენ განცხადებებს, სახლში მოდიოდა სოციალური მუშაკი შემოწმებაზე, ჰპირდებოდნენ, რომ ბინას მისცემდნენ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, 27 იანვარს დილის 10 საათზე გავიდა კასტილებით სახლიდან ზამირ კვეკვესკირი, მას გადაადგილება უჭირდა, რადგან ფეხი ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო იყო. დევნილთა სააგენტოს შენობაში იმ იმედით მივიდა, რომ ამჯერად მაინც შეხვდებოდა რომელიმე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მისი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებდა, მაგრამ იქ მისულს შესასვლელში უთხრეს, რომ მას ვერავინ შეხვდებოდა და განცხადება დაეწერა, ამის გამო გაბრაზდა, რადგან განცხადება არაერთხელ ჰქონდა დაწერილი და უშედეგოდ. იქვე ეზოში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სტადიაშია ეს საქმე და მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში მომხდარის გამო. იმასაც ამბობენ, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება, თუმცა ვისთან ჰქონდა მას შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. თურმე უმძიმესი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, რადგან შენობის წინ არაერთი კამერაა დამონტაჟებული და ასევე ზედა სართულიდან ვიღაცამ შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება. დაცვის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას შეეცადნენ, ჯერ წყლით, შემდეგ კი ცეცხლმაქრით, მაგრამ მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იყო, სამწუხაროდ 1 თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და იმ 18 კვადრატულ ოთახში დღეს მიასვენებენ. კორპუსის ეზოში ახლობლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ძალიან განიცდიან მომხდარს. ახლობლებთან ერთად იდგა ზამირის 21 წლის ბიჭი, ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გვიამბო მათი ოჯახის ტრაგედიაზე. განაგრძეთ კითხვა