ერთ დღეს დაღუპული ორი შვილი და ორი შვილიშვილი – თეონა ქუმსიაშვილის დედის პირველი ინტერვიუ

ჟურნალი „სარკე“ ახალ ნომერში გვთავაზობს თეონა ქუმსიაშვილის დედის ანასტასია ხმიადაშვილი-ქუმსიაშვილის ინტერვიუს, სადაც ის თავისი შვილების ტრაგიკული ბედის შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ტრაგიკულ ავარიაში დაიღუპნენ დები, თეონა და ნათია ქუმსიაშვილები და თეონას მცირეწლოვანი შვილები, დემეტრე და ჯარჯი. თეონა სულ 26 წლის იყო… „მდინარეში გადავარდა და ასე დავიღუპე… ჩემი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა ამ ავარიას. როგორც ვიცი, სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამი იყო და წყლისკენ აიღო გეზი…“, იხსენებს თეონას დედა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში. „საკითხავია, ახლა ვდგავარ ფეხზე? ამ ავარიის შემდეგ მეუღლე და ორი ძმა გარდამეცვალა. სულ სიკვდილს ვებრძვი… სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე კიდეც…“, აღნიშნავს ანასტასია ხმიადაშვილი-ქუმსიაშვილი…
თეონას მეუღლე, გელა დაიაური, მოდიოდა თქვენთან, გნახულობდათ, სანამ მეორედ დაოჯახდებოდა?
კი, ყოველ ზაფხულს მოდიოდა, რჩებოდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, გელა და მისი დები ჩამოვიდნენ და პატივი მიაგეს. რაც გელა დაოჯახდა, აღარ მოსულა.
როცა შეიტყვეთ, რომ ოჯახი შექმნა, როგორ მიიღეთ ეს ამბავი?
თან გამიხარდა, თან, გული მეტკინა, თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან, გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩემმა მეუღლემ ორივე სიძეს უთხრა, დაოჯახდით და ბედნიერები იყავითო, მაგრამ დედის გული ხომ იცით.
ნათიას მეუღლეც დაოჯახდა და მეორე მეუღლისგან ბიჭი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემს სიძეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემს შვილიშვილს, თამარს დედინაცვალიც უყვარს და ძმაც. მე კი ვერ მივდივარ ნათიას ოჯახში, რადგან ძნელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი თამარი რომ კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ.