26 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა და ცოცხლას ვერავინ მიუსწრო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის სოსო აბრამიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოსო აბრამიშვილი საკუთარი “ფორდის” მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გლოვაა მის მშობლიურ კუთხეში, ლაგოდეხის სოფელ ონანაურში.
„მწარე რეალობის წინა ვართ. დღეს საღამო ხანს მოხდა ეს უმძიმესი ავარია სოფელ ჭაბუკიანში. წვიმიანი ამინდი იყო და ეტყობა მოუცურდა მანქანა და საუბედუროდ ადგილზეა გარდაცვლილი. სოსო იყო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან მეგობრული, მოსიყვარულე, მხიარული, საოცარი იუმორით სავსე. მის გვერდით ვერ მოიწყენდი. მართლა გამორჩეული ბიჭი იყო. ძალიან გვატკინა გული ყველას. გაგვანადგურა დღეს ამ ამბავმა. მეგობრებს დაგვიტოვა დიდი ტკივილი.
გლოვაა ჩვენს სოფელში. მთელი სოფელი დიდი თუ პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ყველა მას გლოვობს და ტირის. ძალიან გვატკინა გული და გვიჭირს იმის გააზრება, რომ ეს სიცოცხლის მოყვარული ბიჭი არ გვყავს. სოსო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება, ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, როგორიც ყოველთვის იყო. სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მოჰყავდა მოსავალი, პროდუქტები: საზამთრო, ნესვი, პომიდორი, რაც კი შეიძლებოდა თავს არ ზოგავდა, შრომობდა. ახლაც კი ჩითილები ჰქონდა გამოყვანილი. ისევ მოსავლისთვის ემზადებოდა. უნდა გაეხარა, ბედნიერს უნდა ეცხოვრა და არ დასცალდა. ის “მარშუტკა”, რომლითაც ავარიაში მოყვა, თავისი შრომით შეიძინა. მოიყვანა მოსავალი, გაყიდა და იმ ფულით იყიდა…
ამ საღამოს, 8 საათზე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი. ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც მასზე ცუდს იტყვის. უკეთილესი ბიჭი იყო და ყველანი განვიცდით ამ ამბავს. ძნელია რამე სანუგეშო უთხრა მის მშობლებს, მის და-ძმას. ძალიან მენანება. რამდენი კარგი რამ მაგონდება. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”, – უთხრა “კვირის პალიტრას” სოსო აბრამიშვილის მეგობარმა გვანცა ჭყონიამ.
კვირის პალიტრა