ვინ არის ერთადერთი ქალი მსოფლიოში, რომელიც 100 მილიარდზე მეტის ქონებას ფლობს

Forbes-ის მონაცემების თანახმად, ქალები მსოფლიოს კერძო სიმდიდრის ერთ მესამედს აკონტროლებენ, თუმცა პლანეტის 3 028 მილიარდერიდან ქალი მხოლოდ 13.4%-ია.
მილიარდელი ქალების გარკვეული ნაწილი მემკვიდრეა, რომლებმაც ქონება მშობლების ან გარდაცვლილი პარტნიორებისგან მიიღეს, ზოგი კი მთლიანად საკუთარი ძალებით, სხვადასხვა ბიზნესისა და ბრენდების საშუალებით აგროვებს კაპიტალს. სხვანაირად რომ ვთქვათ, “თვითშექმნილი მილიარდელია”.
ამერიკის შეერთებულ შტატებს იმაზე მეტი მილიარდელი ქალი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში. პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალის სახელიც სწორედ აშშ-ს უკავშირდება.
Forbes-ის მონაცემებით, 130.4 მილიარდი დოლარის ქონებით, ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში ელის უოლტონია. ის გახლავთ მრავალმილიონიანი იმპერიის მემკვიდრე, სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ისა და Sam’s Club-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც მემკვიდრეობით საცალო ვაჭრობის გიგანტის 13%-იანი წილი მიიღო.
ელის უოლტონი 1949 წლის 7 ოქტომბერს ნიუპორტში, არკანსასში დაიბადა. დაამთავრა Trinity University‑ის ეკონომიკის ფაკულტეტი. კარიერა Walmart‑ში დაიწყო, როგორც უმცროსმა მიმწოდებელმა, შემდეგ საბროკერო კომპანია E.F. Hutton‑ში, მოგვიანებით კი საკუთარ საინვესტიციო კომპანია Llama Company‑ში მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ Walmart‑ის აქციების მფლობელია, ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი არასდროს ყოფილა.
უოლტონის წლიური ქონება ხშირად მერყეობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, 100 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალს აქცევს. ის ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალების რეიტინგშიც ლიდერობს და ხშირად გვხვდება Forbes‑ის 400 უმდიდრესი ამერიკელის სიაშიც.
ელის უოლტონის მთავარი ინტერესები ხელოვნებასა და ფილანტროპიაში ფოკუსირდება, განსხვავებით ძმების, რობისა და ჯიმისაგან, რომლებიც Walmart-ის საბჭოს წევრები არიან.
2011 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ქალმა დააარსა Crystal Bridges Museum of American Art – ცნობილი ხელოვნების მუზეუმი ბენტონვილში, არკანსასში, მშობლიურ ქალაქში. მუზეუმში დაცულია ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიცაა ანდი უორჰოლი, ნორმან როქველი და მარკ როთკო. იგი ასევე ხელმძღვანელობს Art Bridges Foundation‑ს, რომელიც შტატების ხელოვნებას სხვა ქვეყნების მუზეუმებში ავრცელებს და აძლიერებს ხელოვნების ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისათვის. განაგრძეთ კითხვა