11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება.
ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო.
საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
„დღეს მოქმედი რედაქციით, გარდა თბილისისა და ბათუმისა, ჯარიმა არის 10 ლარის ოდენობით. ბევრ ქალაქებში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და 10 ლარს უკვე არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია. შესაბამისად, გვესმის ასევე, რომ თუკი ყველა რეგიონს ავიღებდით, შეიძლება ისეთი მუნიციპალიტეტებიც მოხვედრილიყო ამ სიაში, სადაც ძალიან მძიმედ იქნებოდა აღქმული ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა. ამიტომ ავარჩიეთ დიდი მუნიციპალური ცენტრები და ქალაქები, ასევე საკურორტო ზონები,“ – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება ასევე დიფერენცირდა მუნიციპალური ცენტრების მიხედვით.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი.
საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. ამ მოთხოვნის დაუცველობა 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.