18 თვის ბავშვი 33 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა - bbcnews.ge

18 თვის ბავშვი 33 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა

27.02.2026

სანქტ-პეტერბურგიში 18 თვის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან, დაახლოებით 33 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების სწრაფი რეაგირების შედეგად სიცოცხლეს გადაურჩა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, ფანჯარა გააღო და კიდეზე ჩამოკიდდა. მალევე ხელი გაუცურდა და ქვემოთ გადავარდა. კორპუსთან იმყოფებოდა ორი მედდა, რომლებმაც დროულად შენიშნეს საფრთხე. ერთ-ერთმა მათგანმა, ოლგა არტემიევამ, სწრაფად გაიხადა ქურთუკი და მეორე მედდის, ანა კაბაშოვას დახმარებით გაშალა, რათა ბავშვი დაეჭირათ. მათი მოქმედების შედეგად მცირეწლოვანი ქურთუკზე დაეცა და მძიმე დაზიანებებს გადაურჩა.

„ინსტინქტურად ვიმოქმედეთ, ასეთ სიტუაციაში რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით,“ — განაცხადა ანა კაბაშოვამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

თვითმხილველების თქმით, ბავშვი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა ფანჯრის გაღებას და იმ დროს უფროსის მეთვალყურეობის გარეშე იყო.

შემთხვევის შემდეგ ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები მეზობლებს სტუმრობდნენ, ხოლო მისი 18 წლის ძმა სხვა ოთახში კომპიუტერთან იმყოფებოდა და მხოლოდ ქუჩიდან ატეხილი ხმაურის შემდეგ გაიგო მომხდარის შესახებ.

რეკლამა
რეკლამის ადგილი