“გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ტელეკომპანიას ინფორმაცია მივაწოდე…” – რას წერს “იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა?

“იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოს TV”-ის დასანქცირებას ეხმაურება.
“[პირადი გამოცდილებიდან] “იმედის” დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც აქტიურად მუშაობენ. გასულ წელს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა კოლეგებს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა “იმედისთვის” აკრედიტაციის შეწყვეტას და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საშვის არგაცემას. ინიციატივის საფუძველი იყო ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ მუდმივად ცილისმწამებლური რეპორტაჟები, პარლამენტარებზე თავდასხმები და მათი მტრებად წარმოჩენა…
ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების გრძელვადიანი და ერთჯერადი საშვები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აკრედიტაცია უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას. დასანქცირების შემთხვევაში ორივე ტიპის აკრედიტაციის გაცემა ჩერდება.
გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას მივაწოდე. ნაწილმა ეს სერიოზულად არ მიიღო — „ვერაფერს გააკეთებენ, ან თუ გააკეთებენ, ეს მათ სახეს წარმოაჩენსო“;
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგს სანქციებიც კი სურდა და მერე მოაბამდა ათას რამეს. ნაწილი შეშფოთდა და ინერვიულა საუბრის დროს. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი, რადგან არაფერი შეცვლილა — არც ტონი და არც შინაარსი. პირიქით, ყველაფერი იგივე ან უფრო მძიმე ფორმით გაგრძელდა.
ევროკავშირში სანქციების მიღება კოლექტიურად უფრო რთული პროცესია — ეს გუშინაც დადასტურდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ვეტოს გამოყენებით. ამიტომ წევრი ქვეყნები ჯერ ინდივიდუალურ სანქციებს მიმართავენ, რადგან ამას ამ ეტაპზე უფრო ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევენ, ვიდრე საერთო გადაწყვეტილების მიღებას, სადაც ვეტოს გამოყენების რისკი არსებობს.
საგულისხმოა, რომ უნგრეთსაც და სლოვაკეთსაც ყველა წინა სასანქციო პაკეტისთვის აქვს ხმა მიცემული და თავის დროზე რუსული ტელეკომპანიების დასანქცირებასაც დათანხმდნენ. აქვე წერილი , რომელიც იმედზე ევროპარლამენტში გასულ წელს შევიდა” – წერს ქარდავა.