ცნობილია , ვის შეუწყდება სოციალურად დაუცველი დახმარებები - bbcnews.ge

ცნობილია , ვის შეუწყდება სოციალურად დაუცველი დახმარებები

20.02.2026

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური დახმარებების სისტემაში დარღვევები გამოვლინდა. უწყების ცნობით, შემწეობის მიმღებთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს. დღეისათვის ბაზაში შემწეობის მიმღები 185 000 ოჯახია, ხოლო ოჯახების წევრთა რაოდენობა 710 000-ს შეადგენს. რეესტრში დახმარების საჭიროების მქონე პირთა სიმრავლე, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, რამდენიმე გარემოებამ განაპირობა, მათ შორის, დაახლოებით, 10 წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როცა შემწეობის მიღების ქულები გაიზარდა. კოვიდპანდემიის შემდეგ დაწესებულმა მორატორიუმმა კი, როდესაც ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ხდებოდა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა უფრო გაზარდა. ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აღარ აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ბაზა სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან წლების განმავლობაში არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება. პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ მონაცემებში არის ათასობით ადამიანი, რომლებსაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. შედეგად, იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო მხარდაჭერას აღარ საჭიროებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტულად გადამოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის პირობებს არ აკმაყოფილებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2000 ლარიანი შემოსავლის მიღებაა.

სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვის გადაწყვეტილებას მიესალმება თბილისის მერი. კახა კალაძის განცხადებით, დახმარების დანიშვნის ან მოხსნის საკითხი პარტიულ კუთვნილებას არ უკავშირდება.

სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის გაჯანსაღების აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის დროს ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა, რომ ქვეყანაში სიღარიბის განახევრების პირობებში დახმარების მიმღებთა რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს. მთავრობის მეთაურმა მონაცემთა ბაზის გადამოწმება დააანონსა.

ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ პროცესი ხანგრძლივი და მკაცრი იქნება. მონიტორინგის დროს შესაძლო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, შესაბამისი უწყებები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ

რეკლამა
რეკლამის ადგილი