24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა. როდის გაუჩნდა მას ბარიატრიის გაკეთების სურვილი, რამ უბიძგა ამისკენ და როგორ გრძნობს თავს საკმაოდ ბევრი დაკლებული კილოგრამის შემდეგ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბარბარა სამხარაძე: ცვლილებები ძალიან მაშინებს, მაგრამ ვცდილობ, მივიღო და შევეგუო, იმიტომ, რომ ამის გარეშე, ფაქტობრივად, ცხოვრება არ გრძელდება და წინ არ მიდის. ასე რომ, რთულად, მაგრამ მაინც ვიღებ სიახლეებს. აი, რისკიანი კი ვარ. თუ ვიცი, რა შეიძლება, რისკით მივიღო და ორმოცდაათი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს, აუცილებლად ვრისკავ. ერთგვარი რისკი იყო, ბარიატრია რომ გადავწყვიტე. არ მეგულება ინტერნეტსივრცეში ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ღაღადებს იმას, რომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა უნდა მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. შეიძლება გამხდარი ამას ამბობდეს, მაგრამ ჭარბწონიანი – არასოდეს. ყველა ადამიანს აქვს შინაგანი შფოთვები, კომპლექსი და მე ხმამაღლა ვამბობდი, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ჩვენი თავი, როგორებიც ვართ, როგორიც ღმერთმა გაგვაჩინა-მეთქი.
– ჭარბი წონის გამო შინაგანი კომპლექსი არ გქონდა?
– წონაზე შინაგანი კომპლექსი მაშინ მიჩნდებოდა, როცა ცუდ კომენტარს წავიკითხავდი. ტყავიდან ვძვრებოდი, ჩემი ნიჭის მაქსიმუმს ვდებდი და მაინც ვიზუალზე ამახვილებდნენ ყურადღებას – რამხელააო. ჩემს გაკეთებულ საქმეზე რომ თვალს ხუჭავდნენ და მარტო ჩემი ვიზუალი ჩანდა, მაშინ კომლექსი მიჩნდებოდა კი არა, მინდებოდა, ყველაფერი წამეშალა. შეიძლება, ბევრმა თქვას, აქამდე რატომ არ გაიკეთე ოპერაცია და დაიგდე წონაო. ასე არ არის საქმე. როცა ცვლილებებზე იწყებ ფიქრს, მაშინ მიდიხარ იმ აზრამდე, რომ უნდა შეიცვალო. 2023 წლის აგვისტოს ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, ბარიატრია გამეკეთებინა.
– მანამდე, შენი ძალებით თუ ცდილობდი დაკლებას?
– მანამდე, დიეტებს ვიცავდი, მაგრამ დავიღალე, ხან ვიკლებდი, ხან ვიმატებდი და საბოლოო ჯამში, ისევ ჭარბი წონის ვიყავი. დიეტებით ვცდილობდი, წონის კორექციას, მაგრამ ამაოდ. დაკლებულ წონაზე სტაბილურად, ორ თვეზე მეტხანს ვერ ვჩერდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს და გაზიანებს. რაც არ უნდა იძახო, მიიღე ისეთი შენი თავი, როგორიც ხარო, პირველ რიგში, შენს თავთან გიჭირს აღიარება და იმიტომ ამბობ ამას ხმამაღლა, რომ შენ თავს გააგონო და დააჯერო. მოკლედ, გავხსენი ანგარიში, დავიწყე ფულის შეგროვება და გადავწყვიტე კუჭის ოპერაციის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, თავიდან კუჭის ოპერაციაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, მინდოდა ექიმთან მისვლა სიმსუქნის პრობლემის გამო და გაგება, შეიძლებოდა თუ არა სამომავლოდ ოპერაციის ჩატარება. ანგარიშის გახსნიდან ორ კვირაში ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან დამიკავშირდა მთავარი პროდიუსერი და მითხრა: დავით აბულაძის კლინიკას აქვს შემოთავაზება, სურს უფასოდ ჩაგიტაროს ოპერაცია, ჩვენ ამას გავაშუქებთ და თუ გინდა, იყო ჩვენი გადაცემის გმირი, მოიფიქრე და გვითხარი პასუხიო. გაგრძელება კითხვის