ცნობილია, რამდენი პროცენტით შემცირდება კვერცხის ფასი

ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრა
მისი თქმით, პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლებს გაუჩნდათ იმედი, რომ დარგში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იანვარში კვერცხზე მომატებული ფასი, ისევ დაეკლოთ.
„პრემიერთან შეხვედრა რომ შედგა, ჩვენი წარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მოახერხეს როგორც სიტყვით გამოსვლა და თავისი ტკივილის მიტანა პრემიერამდე, ისე მიეცათ საშუალება, პრივატულად ესაუბრათ. თემები რაც გვაწუხებს, დღგ, ქეშბექები და ა.შ იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლა პრემიერს, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ შეიძლება იყოს წინსვლა და რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, რაც წელს იანვარში გვქონდა ფასნამატი, მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს დაეკლოთ. ანუ, რაც იყო წლევანდელი ფასნამატი, ეს დავაკელით. დანარჩენს შევხედავთ. დაპირებაც არის, რომ ყურადღების მოქცევაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ჩვენ წერილით მივმართავთ ყველა ქსელურ მაღაზიას და ორშაბათიდან უკვე ფასს დავუწევთ. ისინიც ალბათ, ნაშთებს მოყიდიან და იმ კვირიდან უკვე ქსელშიც უნდა გაიაფდეს“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
კითხვაზე, რის ხარჯზე მოხდა ფასის კლება? –მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს:
„ნათელი მომავლის იმედით, მარჟა დავიყვანეთ ფაქტობრივად ნულზე და შევხედოთ რა იქნება“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეხვდა ქართველ მწარმოებლებს, რითეილ სექტორს და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, ნავთობიმპორტიორებ სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. განაგრძეთ კითხვა