ხშირად ვკითხულობე თქვენს საიტზე მკითხველის წერილებს და აი, მეც მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ.
ჩვილი ბავშვის დედა ვარ. პირველი შვილია და არც ბავშვის გაზრდის გამოცდილება მაქვს და არც ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედებთან ურთიერთობის გამოცდილება.
ჯერ კიდევ ორსულობისას, ექსკოპიის რიგში გავიცანი ერთი გოგო, ისიც ფეხმძიმედ იყო, ოღონდ უფრო დიდ ვადაზე. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ბევრი საერთო პრობლემა აღმოგვაჩნდა და შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა. სოციალურ ქსელშიც მყავს და როცა ვიმშობიარეთ, ბავშვებსაც ხშირად ვასეირნებდით ერთად.
მისი გოგონა წლინახევრისაა, თითქმის ჩემი ბიჭიც ამხელაა და გაოგნებული ვიყავი იმით, როგორ უყვიროდა ამ პაწაწინას. გასაგებია, რომ ჭირვეული ბავშვია, მაგრამ ამხელა ხმაზე უყვირო პატარას, თან საშინელი სიტყვებით, ჩემთვის შოკისმომგვრელია. წყევლის კიდეც. გარეთ და სხვისი თანდასწრებით რომ ასე იქცევა, წარმომიდგენია, სახლში როგორია. მართლა გულწრფელად მეცოდება და მედარდება ეს ბავშვი.
ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ვუსაყვედურე. ვუთხარი, როგორ შეიძლება, ბავშვი ასე შეაშინო, ამხელა ხმაზე უყვირო, ეს ხომ მოქმედებს მის ფსიქოლოგიაზე-მეთქი. ძალიან ეწყინა, „სხვისთვის ჭკუის სწავლება ადვილია, შენი შვილისთვის შეინახე შენი აზრებიო“, – მომიგდო უხეშად და წავიდა. მას მერე აღარ მეკონტაქტება. მივწერე კიდეც, რომ სულ არ ვაპირებდი ჭკუის სწავლებას, მაგრამ არ მპასუხობს.
სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში იდეალური დედაა. დებს იდეალურ ფოტოებს, უკეთებს ლამაზ-ლამაზ წარწერებს. „დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა“, „ქალმა ეს უნდა გამოსცადო“ და ამგვარები. ამ იდილიაზეც ნერვები მეშლება უკვე. ხან ვფიქრობ, მართლა უტაქტოდ მოვიქეცი? ბოდიში მაქვს მოსახდელი? უმწეო ბავშვის დასაცავად ხმა არ უნდა ამომეღო? ვერ ვხვდები, რა დავაშავე.
ლიკა, 27 წლის
წყარო: mshoblebi.ge