რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ “რევაზ ჯვარსკიზე“, რომლის დედა და ძმაც დააკავეს?

შსს-მ ბოლო 24 საათში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულების გარდა ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს, მათ შორის 3 “კანონიერ ქურდს“.
დაკავებულებს ბრალად ედებათ “ქურდული სამყაროს წევრობა“, “ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, “ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და “კანონიერი ქურდობა“ .
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი “კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად “სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად “პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. “კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად “ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. “ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა,“ – ავრცელებს შსს.