“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციებზე ჩემი შვილი დააკავეს… ისევ “ოცნების” მხარდამჭერი ვარ” – ბესო ზანგური პირველი საჯარო განცხადებები გააკეთა

მსახიობი ბესო ზანგური ბოლო პერიოდში ტელეეკრანებიდან და საჯარო სივრციდან თითქოს გაქრა. სკანდალური პროცესების, ორწლიანი პაუზისა და მოსკოვში წასვლის შემდეგ, მსახიობი კვლავ საქართველოშია. “ამბებთან” მან მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა:
“ახლა გადავწყვიტე, ვიყო ჩუმად. იმედია, ყველა მხარე მაპატიებს ამას. როდესაც ვიყვირე, ჩემი ოჯახის გარდა არავინ დაზიანებულა. როდესაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე ჩემი უფროსი შვილი დააკავეს, მე კი მათ წინააღმდეგ ვყვიროდი, თავდასხმა ჩემზე მოხდა. ჩემი შვილი რამდენიმე მუხლით დააკავეს „გავრილოვის ღამეს“. როგორც სხვები დააკავეს, ისე ისიც. მე არასოდეს მიმიმართავს მათთვის – მე ჩემი აზრი გამაჩნია. როცა ვხედავ, რომ ვინმე დანაშაულს სჩადის, სიმართლეს ყოველთვის ვამბობ, ამიტომ ვარ დარტყმის ქვეშ, გინდა „ოცნებამ“ დააშავოს და გინდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როცა „კონსერვატორებს“ (ალტ-ინფოს) არჩევნები გაუუქმეს, ეს არასწორად მიმაჩნდა და პირდაპირ ვთქვი – როგორ შეიძლება-მეთქი.
მე ახლაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ.
ჩემი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომა აქვთ. მინდა ვუთხრა ადამიანებს: ის ტკივილი, რაც მათ ბულინგით ჩემს პატარებს მიაყენეს, ბუმერანგივით აუცილებლად მიაკითხავს ყველას. ისე ნუ გააკეთებენ, რომ გაზრდილ ბავშვებს ატკინონ გული. ერთხელ დაწერენ კომენტარს და გაივლიან და ვინც კითხულობს, მის გულში დიდხანს რჩება. მინდა ყველას გონიერებისკენ მოვუწოდო. საქართველოს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს.
ასევე ვამბობ: მსახიობი არასოდეს უნდა იჯდეს ციხეში. არ შეიძლება მსახიობის დაჭერა, არ უნდა გაუშვა საკანში, არ შეიძლება მსახიობის დაჭერა, მით უმეტეს ამ ქვეყანაში. საქართველო არტისტების ქვეყანაა.
თუ კრიმინალი ჩაიდინა და ვინმე დაჭრა, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ აქციების გამო არტისტის დაჭერა არასწორია. ნინა კასრაძე ამ აქციების მხარდამჭერია, მაგრამ როგორ მომიბრუნდება ენა მასზე ცუდი ვთქვა? ის მსოფლიო დონის არტისტია და ნებისმიერ მსახიობს ჯიბეში ჩაისვამს, რაში მაინტერესებს მისი პოლიტიკური პოზიცია, რომ მასზე ცუდად რამე ვთქვა. ერთმანეთთან დაპირისპირება მსახიობების მხრიდან ძალიან „გოიმური“ საქციელია, არ განიხილება ჩემთვის”, – განაცხადა ბესო ზანგურმა.
წყარო: ambebi.ge